ხმაურის შესახებ კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა (parliament.ge)

ამ კანონის განხილვა შემდეგი მოწვევის პარლამენტამდე ვეღარ მოესწრება. (parliament.ge)

ხმაურის შესახებ კანონს, რომელიც  თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე  თედო კობახიძემ 2016 წლის იანვარში წარადგინა, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა  მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ DFWatch-ს თედო კობახიძე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობის მიზეზი საკრებულოში ამ პრობლემაზე მოქალაქეთა მიერ შეტანილი ასეულობით განცხადება გახდა.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც გულისხმობდა დღისა და ღამის საათებში განსაზღვრულზე უფრო მაღალი ხმაურის შემთხვევაში ფიზიკური ან იურიდიული პირების დაჯარიმებას. კანონპროექტის ინიციატორი თედო კობახიძე  DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულის რეგულირება პატრულის მოვალეობა იქნებოდა, რომელიც სპეციალური ხმაურმზომი ტექნიკით აღიჭურვებოდა.

თუმცა, პატრული ამ მხრივ მხოლოდ გამოძახებებზე მოახდენდა რეაგირებას და პირს იმ შემთხვევაში დააჯარიმებდა, თუკი ხმაური სხვა მოქალაქეს (მოქალაქეებს) შეაწუხებდა.

„საპატრულო პოლიცია იქნება ხმაურმზომებით აღჭურვილი, რომელიც გაზომავს დეციბალებს. ამ შემთხვევაში საუბარია დღის საათებში, ანუ დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე 40 დეციბალზე, ხოლო საღამოს საათებში – საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე – 30 დეციბალზე. თუ აღნიშნულ ნორმებს გადასცდება, ფიზიკური პირი დღის საათებში დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი -500 ლარით, საღამოს საათებში კი ფიზიკური პირი – 300 ლარით,იურიდიული პირი – 1000 ლარით,“ -ნათქვამი იყო კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში.

თუმცა კობახიძის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, სადაც ცვლილებებს სრული შემადგენლობით დაუჭირეს მხარი, შეთანხმდნენ, რომ დარღვევის პირველ ჯერზე პირს მხოლოდ გააფრთხილებდნენ. განმეორების შემთხვევაში კი დღის საათებში ფიზიკური პირი – 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 500 ლარით, საღამოს საათებში კი ფიზიკური პირი – 300 ლარით, იურიდიული პირი – 1000 ლარით დაჯარიმდებოდა. კვლავ განმეორების შემდეგ კი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდებოდა.

როგორც კობახიძე ამბობს, იურიდიულ კომიტეტზე საკითხი იმის გამო ჩავარდა, რომ კანონის მიღებას 10 ხმა სჭირდებოდა, მაშინ როცა კომიტეტის განხილვაზე მყოფი 10 დეპუტატიდან კანონს მხოლოდ 9-მ დაუჭირა მხარი.

შედეგად, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია საერთოდ დადგება თუ არა კვლავ დღის წესრიგში ხმაურის რეგულირების საკითხი ან როდიდიდან ამოქმედდება სანქციები, რადგან თედო კობახიძემ DFWatch-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ კანონის განხილვა შემდეგი მოწვევის პარლამენტამდე  ვეღარ მოესწრება.

მისივე ცნობით, ეს ხმაურის რეგულირების მეორე მცდელობაა. პირველად 2015 წელს აღნიშნული კანონპროექტის ავტორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი იყო, რომელმაც მოგვიანებით უკან გაითხოვა პროექტი. ახლა კი 2016 წლის მარტში იურიდიულმა კომიტეტმა ჩააგდო ეს საკითხი.

კანონპროექტის საინფორმაციო ფურცელში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა ბიურომ 2009 წელს  „ღამის ხმაურის პრობლემებთან დაკავშირებული წესები“ მიიღო, სადაც საუბარია ხმაურის ადამიანის ორგანიზმზე მავნე ზემოქმედების შესახებ, განსაკუთრებით ღამის საათებში.

დადგენილი სტანდარტების მიხედვით, ღამის საათებში ხმაურის დონედ განსაზღვრულია 40 დეციბალი. ქალაქის აქტიურ ადგილებსა და ქუჩებში, ხმაურის დონედ, განსაზღვრულია 55 დეციბალი.

ამავე ფურცელში, რომელსაც ჩვენს მასალას ვურთავთ, შეგიძლიათ იხილოთ, თუ რამდენი დეციბალი როგორ ხმაურს უდრის და რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

იხილეთ დოკუმენტი: კანონპროექტი