tina_khidasheli_IPN

„არ შეიძლება, ქვეყანაში გყავდეს უფასო მუშახელი და 18-19 წლის ახალგაზრდებს მონური შრომისთვის ვიყენებდეთ…“ ამბობს თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ მის მიერ სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

„დიდი იმედი მაქვს, რომ არა თუ თავდაცვის სამინისტროში არ გადაიხედება ეს გადაწყვეტილება, არამედ საერთოდ ქვეყანა მიიღებს ამ ძალიან მნიშვნელოვან, მარტივად მისაღებ გადაწყვეტილებას, რომელსაც სჭირდება პატარა გამბედაობა და ყველა სტრუქტურაში უარს იტყვის სავალდებულო გაწვევაზე. სავალდებულო გაწვევის გაუქმებას თავდაცვის სამინისტროში ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ არ შეიძლება ქვეყანაში გყავდეს უფასო მუშახელი და 18-19 წლის ახალგაზრდებს მონური შრომისთვის ვიყენებდეთ… ხოლო არგუმენტები იმის სასარგებლოდ, თუ რატომ უნდა გყავდეს ასეთი წვევამდელები ჯარში, არ არსებობს“,  – უთხრა ხიდაშელმა ჟურნალისტებს ორშაბათს, მას შემდეგ რაც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ  მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ლევან იზორიამ ორშაბათს თქვა, რომ ამ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გენერალური შტაბის უფროსი ვახტან კაპანაძე კი ამბობს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა შეეცდება ახალი მინისტრი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების სისწორეში დაარწმუნოს.