ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილს სცემეს, როს გამოც ის გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების შესვლას ითხოვს. 

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო ავრცელებს . მათი ცნობით, 23 თებერვლის ღამეს ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.

ოსური მხარის ცნობით, 35 წლის ტატუნაშვილი 22 თებერვლის დილით, ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს “სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანების გენოციდში” მონაწილეობის ბრალდებით, რადგან ის 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მხარეს იბრძოდა. დაკავების შემდეგ ტატუნაშვილი დაკითხვაზე ცხინვალში გადაიყვანეს.

„ეჭვმიტანილმა უარი თქვა კითხვებზე გაეცა პასუხები ადვოკატისა და თარჯიმნის გარეშე, თუმცა არც მათი თანდასწრებით უთანამშრომლია გამოძიებასთან. ამის შემდეგ გადაწყდა მისი მოთავსება დროებითი დაკავების იზოლატორში, თუმცა გადაყვანისას მან ერთ-ერთი გამცილებლის იარაღის დაუფლება სცადა. აღნიშნული მცდელობა გამცილებლებმა ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით აღკვეთეს. ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურებზე დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები და გადაიყვანეს საავადმყოფოში”, – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოში ტატუნაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ორი საათის შემდეგ ის გარდაიცვალა.

განცახდებაში წერია, რომ ოსურმა სპეცსამსახურებმა ტატუნაშვილსა და საქართველოს სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობის შესახებ იცოდნენ და შესაბამისად, მას თვალყურს ადევნებდნენ. დაკავება კი სამხრეთ ოსეთში მისი მორიგი ჩასვლის დროს მოხდა.

ოკუპირებული ცხინვალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე განცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) ავრცელებს. ის საქმის ობიექტურ გამოძიებასა და ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების შესვლას ითხოვს.