(Facebook.)

ცხინვალის რეჟიმის ე.წ. ოფიციალური დელეგაცია დამასკოს სტუმრობს და 23 ივლისს ამ ვიზიტის ფარგლებში სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და სირიის რეჟიმის მეთაური ბაშარ ასადი ერთმანეთს შეხვდნენ.

დე ფაქტო უწყების განმარტებით, ბიბილოვმა „ტერორიზმთან ბრძოლაში“ ასადს მხარდაჭერა აღუთქვა. ბიბილოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ სირიასა და სამხრეთ ოსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესებში შედის.

შეხვედრის ბოლოს ასადმა და ბიბილოვმა ხელი მოაწერეს მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. ბიბილოვმა ასადი ცხინვალის რეგიონის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი “უაცამონგას” ორდენით დააჯილდოვა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.  თავის მხრივ, ასადმაც ანატოლი ბიბილოვი იმ ორდენით დააჯილდოვა, რომელსაც სირიაში სამხედრო ან სამოქალაქო სამსახურში გაწეული შრომისთვის გადასცემენ ხოლმე.

წინა დღით კი ცხინვალის რეჟიმისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დამასკოში ხელი მოაწერეს „ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას“. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება სირიის ხელმძღვანელობის გააზრებული ნაბიჯია“.

თბილისში აღნიშნული ფაქტი დაგმეს და განაცხადეს, რომ დამასკოში ხელმოწერილ შეთანხმებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს.

სირიამ რუსეთისგან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად 29 მაისს აღიარა. საქართველომ პასუხად სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკები მანამდე აღიარეს რუსეთმა, ნიკარაგუამ, ნაურუმ და ვენესუელამ.