ამბები

“ცენტრ-პოინტის” მენეჯერები დააკავეს

by | Jul 10, 2016
rcheulishvili

რჩეულიშვილი ირწმუნება, რომ კბილაშვილს მის მიმართ პირადი მოტივი ამოძრავებდა.(IPN)

კვირას, 10 ივლისს სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ ხელმძღვანელების დაკავების ოპერაცია ჩატარდა. დილით ჯერ 2 თანამშრომელი დააკავეს, შუადღისთვის კი კომპანიის ყოფილი დირექტორი გუკა რჩეულიშვილის სახლშიც მივიდნენ დაკავების ორდერით, თუმცა ის პროკურატურის წარმომადგენლებს სახლში არ დახვდა.  

ამ დროისთვის 2 თანამშრომლის დაკავების ფაქტს მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რჩეულიშვილისას – ჯერჯერობით არა. როგორც პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი აცხადებს,  ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება დაკავების მიზეზებსა და საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ორშაბათს გაავრცელებს.

„ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის ინფორმაციით, დაკავებულები არიან კომპანიის ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი და დაკავების ორდერია გაცემული მისი შვილის, გუკა რჩეულიშვილის მიმართ, თუმცა ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ის არ იმყოფებოდა.

“საუბარია ბათუმის პროექტზე ”მაგნოლია”, რომელიც ჩაბარებულია და იქ უკვე ხალხი ცხოვრობს. აქ რა შუაშია გუკა რჩეულიშვილი, არ ვიცი”, – აღნიშნავს მაია რჩეულიშვილი და ყველაფერს პოლიტიკურ დევნას უწოდებს. არც იმას გამორიცხავს, რომ თავადაც დააკავონ.

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ სს დევნა  2012 წელს მაშინდელმა მთავარი პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თაღლითობის მუხლით დაიწყო. როგორც მაია რჩეულიშვილი ირწმუნება, კბილაშვილს მის მიმართ პირადი მოტივი ამოძრავებდა.

„ჩვენ და არჩილ კბილაშვილს გვქონდა საერთო ბიზნეს ინტერესები და შენობა, რომელიც “მარიოტის” უკან ერთად ავაშენეთ. ამ დროს მომხდარი გაუგებრობის გამო მან პროკურორის თანამდებობის დაკავების შემდეგ გადაწყვიტა შურისძიება. კბილაშვილი, როგორც ყოფილი ბიზნეს-პარტნიორი, ვერაფრით იქნებოდა ნეიტრალური პირი,“ – აცხადებს მაია რჩეულიშვილმა.

ცენტრ პოინტი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში, რომელსაც 70 შვილობილი კომპანია აქვს. მთავარმა პროკურატურამ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ სს  დევნა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.

ამ კომპანიის მიმართ პრეტენზიები დიდი ხანია არსებობს. შექმნილია „ცენტრ პოინტის დაზარალებულ კლიენტთა კლუბიც“, რომლებიც დრო და დრო საპროტესტო აქციას მართავენ კომპანიის მხრიდან მათი მოტყუების გასაპროტესტებლად.

2012 წელს ა/ო „საერთშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ის წერდა ამ კომპანიის დიდ სამშენებლო სკანდალზე და გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებდა ახალ ხელისუფლებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ სკანდალში მონაწილეობდნენ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები და მათი კომპანია „ცენტრ პოინტი ჯგუფი“, რომელმაც 6200–მდე ოჯახის მიერ ბინების მშენებლობისთვის გადახდილი 310 მილიონი აშშ დოლარი არამიზნობრივად გამოიყენა.

„ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლების სტატუსი და კავშირები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაკომპლექტებულ მთავრობაში ბადებს ეჭვს, რომ ეს კავშირები მათ დაეხმარა თავიდან აეცილებინათ პირადი პასუხისმგებლობა კლიენტებისთვის მიყენებული ზარალისთვის,” – ნათქვამია ანგარიშში.

“ცენტრ პოინტის” დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის მეუღლე, ვახტანგ რჩეულიშვილი შევარდნაძის მმართველობის პერიოდში პარლამენტის ვიცე-სპიკერი და სახელისუფლებო კოალიციაში შემავალი სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელი იყო.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031