(კახეთის საინფორმაციო ცენტრი)

(კახეთის საინფორმაციო ცენტრი)

პანკისიდან სირიაში საბრძოლველად გაპარული ორი ბიჭი მშობლებს პირველად დაუკავშირდა და თავიანთი პირველი ფოტოც გამოგზავნეს.

16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი ამბობენ, რომ თავს კარგად გრძნობენ და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ჯერ არ მიუღიათ.

მათ საქართველო 2 აპრილს დატოვეს და თურქეთში გაფრინდნენ, საიდანაც სირიაში გადავიდნენ.

სანამ მოულოდნელად გაუჩინარდებოდნენ, მუსლიმი და რამზანი  პანკისის სკოლაში სწავლობდნენ, ახლა კი ერთ-ერთ ბანაკში სამხედრო მომზადებას გადიან.

როგორც ნათესავები ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობენ, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მშობლებს თხოვა, უკან დაბრუნებაში დახმარებოდნენ.

„დაბრუნება უნდა,“ უთხრა კუშტანაშვილის ბებიამ, თინა ალხანაშვილმა პირველ არხს, „ნამდვილად უნდა დაბრუნება, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება.“

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ახალგაზრდებმა გამოგზავნეს. ისინი სამხედრო ფორმაში არიან და ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” შავი დროსშის ფონზე, ავტომატებით ხელში პოზირებენ.

პანკისის ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ხეობაში საქმიანობს ჯგუფი, რომელიც ახალგაზრდებს სირიაში საბრძოლველად იბირებს. ხალხი ფიქრობს, რომ ეს ძალიან საშიშია და ეს ჯგუფი სახელმწიფომ უნდა შეაჩეროს.

სულ მცირე უკვე ათი პანკისელია დაღუპული სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედების დროს. ადგილობრივთა უმეტესობა ამას “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ უმაღლეს სამხედრო მეთაურს, თარხან ბათირაშვილს, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანის აბრალებს, რომელიც წარმოშობით ასევე პანკისიდან არის.