f571abc356ec2c8a3ee4830c021744bdეუთო-ს თავმჯდომარის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია სექტემბრის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება.

ამის შესახებ მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ პარასკევს განაცხადა და ისიც აღნიშნა, რომ ფორმალური პროცედურა უფრო ადრე, ივლისის ბოლომდე დასრულდება.
შტაინმაიერი საქართველოში 30 ივნისს გვიან ღამით ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდება.

ამასთან, ის მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნის ცერემონიალშიც, რომელიც 1-დან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში გაიმართება.
„ჩემს გამოსვლაში ცალსახად გავუსვი ხაზი, რომ გერმანიაც და ევროკავშირიც მაქსიმალურს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დადგეს რეალური ვიზალიბერალიზაცია. ეს ევროპარლამენტის გარკვეულ ფორმალობებზეა დამოკიდებული და მხოლოდ გერმანიის გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ კარგი საფუძველი გვაქვს ამისთვის. ის განრიგი, რომელიც ევროპარლამენტში არსებობს ძალიან ამბიციურია – საკომიტეტო მოსმენები, კონსულტაციები… ვფიქრობ, თვის ბოლოს, ივლისის ბოლოს პროცესი დასრულდება, მაგრამ ალბათ სექტემბრის განმავლობაში, უფრო მეორე ნახევარში მივალთ საბოლოო, ლოგიკურ შედეგამდე”, – განაცხადა შტაინმაიერმა.
შეგახსენებთ, რომ იქამდე სანამ ივნისის დასაწყისში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მიცემის საკითხის განხილვა გადაიდებოდა, საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე ზაფხულში, ივლისისთვის აამოქმედებდა. თუმცა, პროცესი გერმანიის, საფრანგეთისა და, სავარაუდოდ, ბელგიის წინააღმდეგობის გამო გაჭიანურდა.

გერმანულ მედიაში კი ისიც დაიწერა, რომ ბერლინი ამ საკითხს ქართველი კრიმინალების აქტიურობის გამო ბლოკავდა. სწორედ ამ დამოკიდებულების გამო შედგა 5 ივნისს  საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი გერმანიაში.
რის შემდეგაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ „საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გრძელ ვადებზე არ იქნება საუბარი“.

მართალია, მერკელს ვადები მიახლოებითაც კი არ დაუკონკრეტებია, თუმცა თბილისში მაინც გაკეთდა ოპტიმისტური განცხადებები, რომ უვიზო მიმოსვლა ან სექტემბერში, ყველაზე გვიან კი წლის ბოლოს აუცილებლად გვექნება და გერმანია, რომელიც მანამდე პროცესის მთავარ შემაფერხებლად მოიაზრებოდა, საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს.