vakhtang_gomelauri

შს მინისტრმა ჯერ არ იცის, ამავე პოსტზე დატოვებენ თუ სახელმწიფო უსაფრთხოებას ჩააბარებენ (IPN)

ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წლის შემდეგ მმართველმა გუნდა როგორც იქნა  წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩამოაშორა, რომელიც 1 აგვისტოდან ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა  საბოლოოდ მიიღო. უწყების ფორმირებისთვის კი ვადად მიმდინარე წლის 1 აგვისტოა განსაზღვრული.

ცვლილების მიხედვით, უსაფრთხოების სამსახური იქნება საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალურ დაწესებულებათა სისტემა.

ცვლილებით ასევე განისაზღვრება სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ სამსახურის გავლის წესი, მათი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები.

შს სამინისტრო პირველი აგვისტოდან ორად გაიყოფა. ვინ უხელმძღვანელებს “ახალ” და “ძველ” სამსახურებს ამ დროისთვის უცნობია.

პრემიერ-მინისტრს ორი კვირა აქვს იმისათვის, რომ უწყების ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურა დაასახელოს, თუმცა კულუარებში უკვე განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი ვახტანგ გომელაური.

თავად შს მინისტრმა განაცხადა, რომ მას აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. გომელაურმა ჟუნრალისტებს უთხრა, რომ გადაწყვეტილებას ამ თემაზე ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს.

“პრემიერმა მთავრობას კანდიდატი უნდა წარუდგინოს, მოწონების შემთხვევაში,  განხილვაში ჩაერთვება პარლამენტი და გაიმართება კენჭისყრა. დამტკიცების შემთხვევაში კი ახალი ხელმძღვანელი მუშაობას პირველი აგვისტოდან დაიწყებს,” – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე,  ვახტანგ ხმალაძე.

შსს-ს გაყოფის აუცილებლობაზე ოპოზიცია წლების განავლობაში საუბრობდა. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე,  უშიშროება ცალკე სამინისტროდ არსებობდა.  სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  ეს სამინსიტრო შსს-ს შეუერთა იმ მოტივით, რომ ორი ძალოვანი უწყების ცალკ-ცალკე არსებობა ქვეყანას დამატებით ხარჯებად უჯდებოდა. თუმცა, ეს მაშინვე იქცა კრიტიკის საგნად, რადგან  სააკაშვილის მაშინდელი ოპონენტები ამბობდნენ, რომ ამით ხელისუფლება ძლიერ ძალოვან სტრუქტურას ქმნიდა იმისთვის, რომ საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოეყენებინა.

სააკაშვილის მმართველობის დროს ეს მუდმივად კრიტიკის საგანი იყო და დღევანდელი ხელისუფლება 2012 წლის საპარალემენტო არჩვენების წინ ერთ-ერთ მთავარ საარჩევნო დაპირებად სწორედ ამ უწყების დაშლას ასახელებდა. მაგრამ ამის გაკეთებაზე ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უარი თქვეს.

ეს საკითხი კი აქტუალური ცოტა  ხნის წინ გახდა, რაც  საერთაშორისო ორგანიზაციების და განსაკუთრებით ევროკავშირის რეკომენდაციებში აქცენტი სულ უფრო ხშირად კეთდებოდა იმაზე, რომ შსს-ში რეფორმის გატარება აუცილებელი იყო.  შსს-ს გაყოფაზე მუშაობა კი მაისში დაიწყო.

“ეს ცვლილებები ხელს უწყობს, ერთი უწყებიდან ერთი განშტოების რამდენიმე უწყებაში კონცენტრირებას, სადაც ჩართული იქნება არა ერთი განშტოება, არამედ ორი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. ეს რეფორმა ხელს შეუწყობს ძალაუფლების დეკონცენტრირებას და დანაპირების შესრულებას,”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ახალი სამსახურის შექმნით რეალობა არ შეიცვლება.