ამბები

შსს ადასტურებს, რომ პოლიციამ პრეზიდენტის სიძის სახლი გაჩხრიკა

by | Jul 25, 2016

MIA_sharkპრეზიდენტის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობაზე ისაუბრა, შს სამინისტრო განმარტებას აკეთებს, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცის, ადრე რამდენჯერმე ნასამართლევი“ მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარება კრიმინალურ პოლიციაში სსკ- 236-ემუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

შსს იქვე ამატებს, რომ გოგოჭურის სახლში ვერაფერი უკანონო ვერ იპოვეს.

გიორგი მარგველაშვილმა ორშაბათს, 25 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ავლაბრის რეზიდენციაში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პაპუაშვილმა მას მოსამართლეებზე წნეხის კონკრეტულ ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რამაც სამწუხაროდ არ გააოცა, რადგან მისი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა.

სწორედ ამ სკანდალური განცხადებას გამოეხმაურა შს სამინისტრო ოფიციალური განმარტებით.

„რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სამართალდამცველების მიერ მისი ოჯახის წევრის ჩხრეკის ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული შემთხვევის გარკვევა დაავალა შს მინისტრს. შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ პრეზიდენტი დღევანდელ განცხადებაში, შესაძლოა, გულისხმობდა შემდეგ ფაქტს.

„კერძოდ: შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება). ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცველების მიერ, თბილისში, 2016 წლის 28 ივნისს განხორციელდა სამი პირის ჩხრეკა: 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თორნიკე კ.-ს, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ თ.-ს და 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი მინდია გ.-ს. აქედან, ერთ-ერთი პირი იყო პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მიხეილ თ.-სა და მინდია გ.-ს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდათ, ხოლო თორნიკე კ. -ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცივი იარაღი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი.

„ამავე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა მინდია გ.-ს კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, არ დამდგარა.

„აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილე პირთა უფლებების სრული დაცვით და მიზნად ისახავდა შესაძლო დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამდენად, საპოლიციო ღონისძიების ნებისმიერი სხვა ფორმით ინტერპრეტაცია მიუღებლად მიგვაჩნია,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031