ამბები

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, ის უარყოფს

by | Apr 9, 2016
barnoova

თათია სამხარაძე აცხადებს, რომ მუქარის შემცველ აუდიოჩანაწერს ექსპერტიზა უტარდება (ipn)

მსახიობი თათია სამხარაძე (ფსევდონიმიტასო ბარნოვა) აცხადებს, რომ ჟურნალისტისა და პროდიუსერ შალვა რამიშვილის მხრიდან მის მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროება ხორციელდებოდა.

„ვადასტურებ საჯაროდ, რომ ჩემს მიმართ ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროვება იმჟამინდელი უფროსის, შალვა რამიშვილის მხრიდან და ამან მიიღო სისტემური ხასიათი, რის შემდეგადაც იძულებული გავხდი, დამეტოვებინა სამსახური და დირექციისთვის დახმარების თხოვნით მიმემართა,“- აცხადებს სამხარაძე ამ თემასთან დაკავშირებით პარასკევს ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში ქალთა მოძრაობის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამბობს, რომ საუბარი ჰქონდა არხის დირექტორთან, გიორგი ბახტაძესთანაც, ასევე მას აქვს აუდიოჩანაწერი, სადაც რამიშვილი აღიარებს, რომ მასზე ახორციელებდა სექსუალურ შევიწროებას, პირობას დებს, რომ მისგან შევიწროებასა და მუქარას – კარიერის დასრულებაზე, ადგილი აღარ ექნებოდა. თუმცა სამხარაძის თქმით, ამ პირობის შემდეგაც გრძელდებოდა რამიშვილისგან წნეხი, რის გამოც იძულებული გახდა საბოლოოდ სამსახურიდან წასულიყო.

„ეს აუდიოფაილი ამ დროისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადის ექსპერტიზას და დგინდება მისი აუთენტურობა. აუთენტურობის დადგენის შემდეგ სასამართლოს მივმართავ,“ – აცხადებს სამხარაძე.

პრესკონფერენციაზე შეკითხვა დაისვა იმაზეც, რომ ყოფილი თანამშრომელი მარგო ლუჩკოც ასევე  ირიბად საუბრობდა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე. სამხარაძემ პასუხად განაცხადა, რომ სხვების მაგივრად ის ვერაფერს იტყოდა. თუმცა აღნიშნა, რომ მას დაუკავშირდნენ რამიშვილის ყოფილი თანამშრომელი გოგოებიც და მათაც იგივე პრობლემა ჰქონდათ.

„მე შევიტან სარჩელს სასამართლოში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო. „იმედში“ დაბრუნებას არ ვაპირებ. არ შეიძლება ტელევიზიაში მიდიოდნენ  გოგოები და მათ ეუბნებოდნენ, რომ ვიღაცის საწოლზე გადის მათი კარიერის გზა. მე დავკარგე კარიერა, სამსახური და ვაპირებ, რომ ბოლომდე მივიყვანო ეს ბრძოლა,“ – დასძენს სამხარაძე.

პოლიტიკური თოქ-შოუ „პოლიტიკის“ წამყვანი და გასართობი გადაცემების  – „ილო ბეროშვილის შოუსა და „ერთხელ საქართველოში“  – ავტორი და პროდიუსერი შალვა რამიშვილი 5 მარტს  ტელეკომპანია „იმედიდან“ გაუშვეს.

არხის ხელმძღვანელობა მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა თავად რამიშვილმა „იმედის“ მიერ კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მიმართა. მისი თქმით, ამის მიზეზი გახდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ არსებობს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერი, რომელიც შეიცავს სს დანაშაულის ნიშნებს ან/და არის მისი რეპუტაციის შემლახავი.

რამიშვილი სამხარაძის მიერ დაანონსებულ პრესკონფერენციას „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა, სადაც მეუღლეს, შვილებს და ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადა, სამხარაძეს კი სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

„მე ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს არ მოვწონვარ და ვძულვარ კიდეც. მე არ მიცხოვრია მამა აბრამის კრავის ცხოვრებით, მაგრამ მოძალადე არასდროს არ ვყოფილვარ. თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის მეც, იცავს ამ ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები… მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმპცია. ბრალდებები, რომელიც ჩემს წინააღმდეგ გაისმის, კამპანიურ ხასიათს იღებს. ყველაფერი დადგმულ სპექტაკლს წააგავს. ჩემი სასიცოცხლო ინტერესია, რომ ყოველივე ან პროკურატურაში ან/და სასამართლოში გაირჩეს,“- წერს რამიშვილი.

მისი თქმით, ტელევიზიის საქციელი სამარცხვინოა და თავისი დუმილით “იმედის” დირექტორი ფაქტიურად ხელს უწყობს მისი მაკომპრომენტირებელი ცნობების გახმაურების პროცესს. ბოლოს კი საკუთარი პოსტი იმით დაასსრულა, რომ საჯაროდ უნდა ბოდიში მოუხადოს მეუღლეს, შვილებს და ოჯახის წევრებს.

„გაოცებული ვარ ჩემი ცოლის გამძლეობით, რომელიც მიუხედავად ამდენი ლაფისა მაინც გვერდში მიდგას და მამხნევებს! მე დამნაშავე მხოლოდ თქვენს წინაშე ვარ!“- წერს რამიშვილი.

შალვა რამიშვილი პროკურატურაში პარასკევს დაკითხეს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930