tbilisi_city_courtქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 25 წლის მაგდა პაპიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა. რაც ნიშნავს, რომ მას მხოლოდ 20 წლის პატიმრობის შემდეგ შეეძლება მიმართოს – ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას ან  პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით  (იხილეთ ბრალდებულის წარმოთქმული სიტყვა სასამართლოზე).

მანამდე კი ნაფიჯ მსაჯულთა კოლეგიამ, რომელიც საქმეს თავად ბრალდებულის მოთხოვნით იხილავდა, გამამტყუნებელი ვერდიქტი ორშაბათს, 4 ივლისს, ერთხმად – 12 ხმით – გამოიტანა.

12 კაციან ნაფიჯ მსაჯულთა კოლეგიას, რომელიც 8 მამაკის და 4 ქალისაგან შედგებოდა, გადაწყვეტილების მისაღებად კანონით განსაზღვრული 3 საათიც კი არ დასჭირდა და ვერდიქტი დაახლოებით, ორსაათნახევარში გამოაცხადეს.  აღსანიშნავია, რომ ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილების მისაღებად სამ საათზე ნაკლები დრო დასჭირდათ.

მსაჯულების ვერდიქტს არ ეთანხმებოდნენ მაგდა პაპიძის ოჯახის წევრები. როგორც პაპიძის დამ, ლანა პაპიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა,  პროკურატურამ მისი მოწმეები დააშინა და სიმართლის თქმა აუკრძალა. მან დაწყევლა, სავარაუდოდ, საქმის პროკურორი ელენე ჩხეიძე, რომელიც ორსულადაა.

ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის – 27 წლის ომარ ქაფიაშვილისა და 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილის მკვლელობის ამ საკმაოდ რეზონანსულ საქმეზე,  მე-7 თვეა საზოგადოების ინტერესი არ კლებულობს, რასაც სავარაუდოდ, სასამართლო სხდომების საჯაროობაც  შეუწყო ხელი.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ რამდენიმე სხდომა დაიხურა. (4 ივლისს – ნაფიჯ  მსაჯულთა მიერ ვერდიქტის გამოცხადების დღეს და მანამდე რამდენიმე სხდომა, რომელზეც  პირადი ინფორმაციის შემცველი კითხვები დაისვა), თუმცა დანარჩენ შემთხვევებში საქმის საჯაროობას თავად ბრალდებული პაპიძე ითხოვდა.

გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მაგდა პაპიძის დის – ლანა პაპიძის ჩვენებით დადგინდა, რომ  მაგდა პაპიძეს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და ბოლო პერიოდში ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი მეუღლის – ომარ ქაფიაშვილის მიმართ.

ამასთან, პაპიძისათვის ჩატარებული ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო შერაცხადი და აფექტის მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წაეყენა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.