wind mill

ქარის ელექტროსადგურის ფრთები და ტურბინები ფოთის პორტში სამშაბათს ჩამოვიდა (Facebook)

პირველი ქარის ელექტროსადგურ „ქართლის“ მშენებლობა სექტემბერში დასრულდება, დეკემბრიდან კი უკვე ამოქმედდება, ამის შესახებ DFWatch-ს შ.პ.ს. „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე ყაზარაშვილმა უთხრა.

მისი თქმით, მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, ელექტროსადგურის ფრთები და ტურბინები კი ფოთის პორტში სამშაბათს, 26 ივლისს ჩამოვიდა. 5 ან 6 აგვისტოს ჩამოვა კოშკურებიც, ხოლო 19 აგვისტოდან დაიწყება მათი ტრანსპორტირება ფოთიდან  გორში მშენებლობის ადგილას. კონკრეტულად კი, გორის ტელერადიო ანძის სიახლოვეს.

აღნიშნული პროექტი 34 მილიონი ამერიკული დოლარი ჯდება, აქედან 24 მილიონის ინვესტიცია ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს (EBRD), ხოლო დანარჩენი შ.პ.ს. „ქართლის“ პარტნიორებს – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ეკუთვნის.

პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. 2013 წლის აგვისტოში დამონტაჟდა ქარის ძირითადი პარამეტრების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა, რომლის მონაცემებზე დაყრდნობით ქარის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ნორვეგიულმა კომპანიამ MEVENTUS  ქარის რესურსების შეფასების ანგარიში მოამზადა. საბოლოო ჯამში, ქარის სიმძლავრის, მიმართულების, სიჩქარის თუ სხვა მსგავსი ფაქტორების გათვალისწინებით ელექტროსადგურის ასაშენებლად გორის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა.

ყაზარაშვილის თქმით, ელექტროსადგურ „ქართლის“ მიერ გამომუშავებული ენერგია წელიწადში 88 მილიონი კვ/სთ-ია, სიმძლავრე – 20,7 მეგავატი. გამომუშავებული ელექტროენერგია  ექსპორტზე  არ გავა და მთლიანად საქართველოს მოხმარდება.

ყაზარაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ამ სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია დენის ტარიფზე დიდ გავლენას არ მოახდენს.

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე მიიჩნევს, რომ ქარის ენერგია ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ იმ ფონზე, როცა იმპორტირებული დენი სწრაფად ძვირდება, ქარის საპილოტე სადგურის აშენება ცუდი იდეა არაა.

„ქარის სადგურების მშენებლობა მარტივი არ არის. ის უფრო ძვირია, ვიდრე – ჰესი. ამასთან, ქარი ენერგიის არასტაბილური წყაროა, ვინაიდან ის ხან ქრის და ხან – არა, ზოგჯერ მეტად ქრის, ზოგჯერ – ნაკლებად და სათადარიგო მაშველი ენერგია ყოველთვის უნდა გქონდეს, რათა მოსახლეობა არ დაზარალდეს. ამდენად, ქარის ენერგია  სერიოზულ გვერდით ინვესტირებას მოითხოვს იმისთვის, რომ მუდმივად მზადყოფნაში გქონდეს წყლის ან  გაზის ენერგია, რათა როგორც კი ინტენსივობა დაიკლებს, სხვა ენერგია ჩართო,“ – აღნიშნა ჯერვალიძემ სააგენტო bpn.ge-თან საუბრისას.