ამბები

ქართულ-ოსური გამყოფი ხაზის მოსახლეობა საფლავებს ვერც წლევანდელ აღდგომაზე მოინახულებს

by | Apr 22, 2016

Tskhinvali_June_2013_Crop2სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანები  წინაპრების საფლავზე მისვლას ვერც წლევანდელ აღდგომაზე შეძლებენ. საუბარია, იმ  სოფლების  საფლავებზე, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ  ოკუპაციის ხაზის გადაღმა აღმოჩნდა. ამის შესახებ, ოსური მხარის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა ოთხშაბათს, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 65-ე  შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„აღდგომის პერიოდში საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ იმ გამშვები პუნქტებით,რომლითაც მანამდე სარგებლობდნენ. სხვა ყოველგვარი გადაადგილება საზღვრის დარღვევად ჩაითვლება,“ – აღნიშნა დავით სანაკოევმა.

გამშვებ პუნქტებზე კი გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვით არის შესაძლებელი.

როგორც DFWatch-ს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოემა განუცხადა, მისი ინფორმაციით, დაახლოებით 1500-მდე ასეთი საშვია გაცემული. თუმცა ვინც უკვე წამოსულია ახალგორიდან და წეროვანში ცხოვრობს, საშვს არ აძლევენ.

„2008 წლიდან მოყოლებული,  უკვე 8 წელია სულ არის ეს პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ  ოსურ მხარეს სულ მივმართავთ, ხალხს აღდგომაზე, მხოლოდ ერთი დღით მაინც მიეცეს საფლავებზე მისვლის შესაძლებლობა, ჯერჯერობით წინსვლა არ გვაქვს – არ გვთანხმდებიან,“ – აღნიშნა დიმიტრი სანაკოევმა.

მისივე თქმით, ზოგიერთი ადამიანი ფულის სანაცვლოდ ტაქსისტების დახმარებით ე.წ. საზღვარზე  ჩუმად გადაპარვას  დღემდე ახერხებს. თუმცა, სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ  DFWatch-თან საუბრისას თქვა, რომ საფლავის მოსანახულებლად გადაპარვა, მართალია, ადრე ხდებოდა, მაგრამ ახლა „საზღვრის“ კონტროლი ძალიან გამკაცრდა და ასეთი რამ გამორიცხულია.

„2008 წლის ომის შემდეგ 2 წლის განმავლობაში, ანუ 2010 წლამდე, აღდგომის დღეებში საზღვარზე გადასვლა და საფლავებზე მისვლა  პრობლემა  თითქმის არ იყო. თუმცა თანდათან, საზღვრის გადაკვეთის რეგულაციების  გართულების კვალდაკვალ, ესეც გართულდა და ბოლოს საერთოდ აიკრძალა. მეტიც, ახალგორში წელს ერთ გოგოს, რომელიც წეროვანში ცხოვრობს და მუშაობს, მამა ახალგორში გარდაეცვალა, ის არც დაკრძალვაზე ჩამოუშვეს და არც ორმოცზე. ადრე კი ასეთი სიმკაცრე არ იყო. ამ პრობლემების გამო ახლა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ახალი სასაფლაოა გასხნილი და მიცვალებულებს იქ მარხავენ,“ – უთხრა DFWatch-ს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა ქართველმა.

მისივე თქმით, თითქმის ყველა  სოფელში, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივაა (ხურვალეთი, კირბალი, ერგნეთი, დვანი, ზემონიქოზი, ზარდიანთკარი, ფლავიო და ა.შ.) 2008 წლის ომის შემდეგ საფლავები ოკუპაციის ხაზის გადაღმა დარჩა.

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ინფორმაციით, არ არსებობს იმის სტატისტიკა, კონკრეტულად საფლავებზე გადაპარვის გამო დაუკავებიათ თუ არა ვინმე ან რამდენი ადამიანი.

მხოლოდ ზოგადი სტატისტიკაა, თუ რამდენ ადამიანს იჭერენ რუსი სამხედროები სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე „საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით“. ამ მონაცემებით, 2009-2015 წლების განმავლობაში სულ 841 ადამიანი დააკავეს. ყველაზე მეტი 163 ადამიანი კი გასულ წელსაა  დაკავებული.

წლების მიხედვით, სტატისტიკა ასეთია : 2009 წელს დააკავეს – 84 ადამიანი; 2010 წელს – 71;  2011წელს -135; 2012 წელს -104;  2013 წელს – 142;  2014 წელს – 142 პირი; 2015 წელს – 163.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში შეხვედრები ქართულ და ოსურ მხარეს შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმართება. რიგით 65-ე შეხვედრაზე, რომელიც ოთხშაბათს გაიმართა, მხარეებმა ბოლო პერიოდში მომხდარ ინციდენტებზე, უკანონო დაკავებებსა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე იმსჯელეს. გარდა ამისა,  ბანერების დამონტაჟებისა და   გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემებიც განიხილეს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031