pitchers_by_grishmisha

(DFWatch)

ჟენევაში, გაეროს ოფისის ეზოში პირველი მარტიდან ქართული ქვევრი განთავსდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად, საქართველო ორგანიზაციის ჟენევის ოფისს საჩუქრად იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართულ ქვევრს ჩუქნის.

საგარეო უწყების ცნობით, ორიგინალი ზომის თიხის ქვევრი ჟენევაში, გაეროს შენობის მთავარ შესასვლელთან დაიდგმება.

აღსანიშნავია, რომ ეს ადგილი ვიზიტორთა რეგულარული საინფორმაციო ტურების შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, ოფიციალური დელეგაციების გარდა, ქვევრის ნახვა ფართო საზოგადოებასაც შეეძლება. გაერო-ს ჟენევის ოფისს კი ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

ქვევრი სოფელ მაქათუბანში დამზადდა და მასზე ამოტვიფრულია – “საქართველო” და “Georgia”.

ქვევრის დადგმის ოფიციალური ცერემონია ჟენევაში სამშაბათს გაიმართება. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია  ქართული ღვინის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ხელისუფლების მსგავს აქტივობას მიესალმება და DFWatch-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს არამარტო ქართული კულტურული მემკვიდრეობის, არამედ საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

„ზოგადად,ძალიან კარგია, რომ ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს. გაეროს ოფისის ეზოში ქვევრის განთავსებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს არამხოლოდ ქვეყნის პოპულარიზაციას, არამედ ქვევრში დაყენებული ღვინის, როგორც ბიზნესის წარმატებასაც. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში რაც შეიძლება მეტი ქართული  ობიექტი იყოს.

„ამ დროისთვის,  მატერიალურ კულტურულ ძეგლთა სიაში მხოლოდ სამი ქართული ობიექტია.  ესენია – მცხეთა, ქუთაისის ძეგლები – გელათი და ბაგრატი, და ზემო სვანეთი. მოლოდინის რეჟიმშია [ძველი] თბილისი, რომელიც ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად შესაძლოა აღიაროს იუნესკომ.  რაც შეეხება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ესენია –  ქართული მრავალხმიანი სიმღერა, ქვევრის ღვინის ტექნოლოგია და ახლა მზადდება დოკუმენტაცია ქართული ანბანის შესახებაც,“- აღნიშნა ამაშუკელმა.

საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება ათასწლეულების წინ დაიწყეს და ეს ტრადიცია საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დღემდე შენარჩუნებულია. 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი, ქართული მეთოდი  იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა, რაც მისი უნიკალურობის აღიარებაა.

ჟენევის ოფისი სიდიდითა და მნშვნელობით, ნიუ იორკის მერე, მეორეა გაეროს წარმომადგენლობებს შორის. გარდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადმინისტრაციისა, იქ განთავსებულია რამდენიმე დიდი პროგრამის ოფისიც. მათ შორის, ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის გაეროს ოფისი (OCHA) და ევროპის ეკონომიკური კომისია (ECE).