enguri_dam_Croppedმიუხედავად ენერგეტიკის მინისტრის პროგნოზისა, რომ შესაძლოა აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ სერიოზული პრობლემები შექმნოდა, უკვე ორი დღეა ოკუპირებულ რესპუბლიკას დენი უწყვეტად მიეწოდება და 25 იანვრიდან შემოღებული გრაფიკი სამშაბათიდან უკვე გაუქმებულია.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველო აფხაზეთის მოსამარაგებლად, რომელსაც დენი პრაქტიკულად უფასოდ მიეწოდება, დამატებით ელექტროენერგიას რუსეთიდან ყიდულობს.

კახა კალაძის განცხადებით, ეს საგაზაფხულო წყალუხვობამდე გაგრძელდება. მან ამ ნაბიჯს “მთავრობის კეთილი ნება” უწოდა, რომელმაც ერთნაირად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება.

„წელს განსაკუთრებით მწვავედ დადგა აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხი. რამდენიმე კვირაა აფხაზეთის ტერიტორიაზე შეზღუდვები მოქმედებს. თუმცა ამან პრობლემა ვერ მოაგვარა და აფხაზეთის დენის გარეშე დარჩენის სერიოზული საფრთხე შეიქმნა. აღნიშნული მძიმე შედეგის თავიდან აცილების მიზნით მოკლევადიან და ოპერატიულ გზად რუსეთიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა იყო. შესაბამისად, მარტ-აპრილამდე სანამ წყალდიდობები დაიწყება, აფხაზეთს დენის გარეშე დარჩენა აღარ ემუქრება,“ – განაცხადა კალაძემ.

მისმა მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა კი 11 თებერვალს თბილისში, ბიოლის ფონდში გამართულ საჯარო დისკუსიაზე განაცხადა, რომ თბილისი აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას აღარ გეგმავს.

„ერთი წლის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ ასე იქნებოდა და აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად  იმპორტს რუსეთისგან აღარ განვახორციელებდით. არ ვაპირებთ ელექტროენერგიის შემოტანას ჩვენი აქეთა მომხმარებლების ხარჯზე. მათ თბილისზე მეტი ყოველდღიური მოხმარება აქვთ. მილიონნახევრიან ქალაქზე მეტი მოხმარება აქვს აფხაზეთს. რატომ? – იმიტომ, რომ რუსეთის ბაზები და მათი ოჯახები აქედან ვამარაგოთ? ბოდიში, მაგრამ ეს უკვე აღარ გაგრძელდება.

„პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ რაც აფხაზეთს სჭირდება და ფიზიკურად შეუძლია წაიღოს ენგური ვარდნილიდან, მას ეს მიაქვს. ზამთარში სჭირდება 100%, ზაფხულში ამდენი არ სჭირდება და ჩვენ გაგვაქვს ექსპორტზე. ენგურს ექსპორტი სავალდებულო წესით გააქვს, რომ საოპერაციო ხარჯები დაფაროს და ჩვენმა მოსახლეობამ არ გადაიხადოს ტარიფზე დამატებით აფხაზეთის მოხმარება. რაც  ჩვენთვის უნდა მოგვეწოდებინა ენგურიდან და ვერ ვიღებთ, ვყიდულობთ რუსეთისგან და მას აქვს 20-ჯერ მეტი ფასი”, –განაცხადა ვალიშვილმა დისკუსიაზე.

ქართული მხარის აღნიშნულ პოლიტიკას დადებითად აფასებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი. როგორც მან DFWatch-თან საუბრისას აღნიშნა, ჩვენს გრძელვადიან ინტერსებშია რომ აფხაზეთს ენერგეტიკული პრობლემები არ შეექმნას.

„ასეთი პოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის ძალინ პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება. ადრეც იყო ასეთი პროექტები. მაგალითად, ქართულ მხარეს სურდა აფხაზეთიდან ციტრუსები შეეძინა, როდესაც [რუსეთში] მათი რეალიზების საფრთხე შეიქმნა. ასეთი პროექტები ურთიერთობას მხოლოდ წაადგება. დღეს შეიძლება ჩვენი მხირდან ეს კეთილი ნების გამოხატვა აფხაზებმა მაინცდამაინც არ დააფასონ, მეტიც,  შესაძლოა მათი მხრიდან მწარე განცხადებებიც მოვისმინოთ, მაგრამ  ასეთი ტიპის მხარში დგომა ადამიანების ქვეცნობიერში მაინც რჩება. სხვა გზა არც გვაქვს. ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით ჩადებული ინვესტიცია ადრე თუ გვიან შედეგს გამოიღებს. მთავარია, ამის ძალიან პოლიტიზირება არ მოხდეს და აფხაზებმა ამ ყველაფერზე ხელი არ აგვიკრან. ისე  არ უნდა მოხდეს, როგორც თავის დროზე სააკაშვილი აკეთებდა, რომ თამარაშენში  სუპერმარკეტს ხსნიდა, დისკოტეკებს აწყობდა და ფოჩიან კანფეტებს აჩვენებდა, რაც მხოლოდ მათ გაღიზიანებას იწვევდა,“ – განუცხადა ხუხაშვილმა DFWatch-ს.

ენგურჰესის წყალსაცავში წლის დონის კლების გამო, რაც წყალმარჩხმა ზაფხულმა და  აფხაზეთში ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარებამ გამოიწვია, რეგიონს რამდენიმე კვირა, დენი გრაფიკით მიეწოდებოდა. კერძოდ, 25 იანვრიდან ყოველ ქალაქსა და სოფელში დღის განმავლობაში 2 საათით, ხოლო ღამით 2-3 საათით ითიშებოდა. როგორც ენერგეტიკის მინისტრი მარიამ ვალიშვილი DFWatch-თან საუბრისას ამბობდა, აფხაზეთის დენით მომარაგება კიდევ 10-14 დღით იყო შესაძლებელი, ხოლო შემდეგ შესაძლოა დენის გარეშე დარჩენილიყო.