Olympics men Olympics womenქართველ სპორტსმენთა ოფიციალური ტანსაცმელი, რომლითაც  5 აგვისტოს რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშების გახსნის ცერემონიალზე უნდა მიიღონ მონაწილეობა, ორი დღეა სოციალურ ქსელში ქილიკის, მსჯელობისა და კრიტიკის საგანი გახდა.

საუბარია, კონსერვატიული შეხედულებებით ცნობილი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანია „სამოსელი პირველის“ მიერ შექმნილ დიზაინზე, რომლის ფოტოები სოციალურ ქსელში 23 ივლისს,  მას შემდეგ გავრცელდა, რაც ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიურ პარკში  ოლიმპიური დელეგაციის გაცილებისა და ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

როგორც კომპანიაში და ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, ტანსაცმელი ნაციონალურ მოტივებზე შეიქმნა, რაც თავად სპორტსმენთა სურვილი და გადაწყვეტილება იყო. თუმცა, ბევრისთვის ეს საქილიკო თემა გახდა.

„ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო“; “ზეზვას და მზიას ზმანი შეგეკერათ, იაფი დაჯდებოდა”; “კაცები ჩინური რესტორნის მზარეულებს და ქალები ტაჯიკ მომღერალთა გუნდს გვანან!!”; „ოლიმპიადაა, თუ “ორბელიანების ბანი”?; „ვფიქრობ, საქართველოს ოლიმპიელთა გუნდის ჩაცმულობის ასეთი ვერსია დასჯადი უნდა იყოს – ნაკლული გემოვნების განხრით სტარტზევე პირველ ადგილზე ვართ“ – მსგავსი პოსტებით გამოეხმაურნენ ოლიმპიელთა ჩაცმულობას მოქალაქეები  „ფეისბუქზე“.

მეტიც, შაბათს, 23 ივლისს პეტიციაც კი გავრცელდა მოთხოვნით – „შეიცვალოს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმა“. პეტიციას ორ დღეში უკვე 6 ათასზე მეტი ხელმომწერი ყავს.

ოლიმპიელთა ოფიციალური ფორმის შეცვლის მომხრეა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძეც, რომელმაც „ფესიბუქზე“  გვერდზე დაწერა, „არ მაინტერესებს ვინ შეკერა ეს უმსგავსოება. მთავარია, რომ უგემოვნებო და უსახური ფორმები შეკერა და საქვეყნოდ დასაცინად გაგვიხადა საქმე. იქნებ ჯერ კიდევ შეიძლება ამ მარაზმატული შეცდომის გამოსწორება? ვერცერთ გაღიმებულ სპორტსმენს ვერ ნახავ დღევანდელ ფოტოებზე. დღევანდელი სიცხის ბრალი იყო ალბათ“.

სროლაში სეულის ოლიმპიადის ჩემპიონისა და ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, ნინო სალუქვაძის განცხადებით კი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე  ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი ქალია, ტანსაცმლის დიზაინი, რომლითაც ქართველი ოლიმპიელები რიოში გახსნის ცერემონიალზე წარსდგებიან, თავად სპორტმენების გემოვნებითა და სურვილით შეირჩა.

„ტენდერი არ იყო გამოცხადებული. გადავწყვიტეთ, ტანსაცმელი ნაციონალურ მოტივებზე შექმნილიყო, რის გამოც შეირჩა კომპანია „სამოსელი პირველი“. პირველად მოხდა, რომ სპორტსმენებს დაეკითხნენ თუ როგორი უნდა ყოფილიყო ფორმა და ეს იყო ჩემი და სხვა სპორტსმენების არჩევანი. მაინტერესებს, რომელ ქალბატონს  არ მოუხდა ეს ტანსაცმელი?“ – განაცხადა სალუქვაძემ, რომელიც რიო დე ჟანეიროში თავის რიგით მე-8 ოლიმპიადაზე შვილთან ერთად მიემგზავრება.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „ფეისბუქზე“ წერს, რომ „ეს ტანსაცმელი სამარცხვინოა“.

ამ  აჟიოტაჟს კომპანია „სამოსელი პირველიც“ გამოეხმაურა, რომელიც კონსერვატიული მოსაზრებების მქონე ბიზნესმენის, ლევან ვასაძის საკუთრებაა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „სამწუხაროა, კომუნისტურმა ეპოქამ იმდენად დაგვაშორა მშობლიურ კულტურას, რომ ქართული უკვე უცხოდ გვეჩვენება.“

უკვე ცნობილია, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ყოველდღიური, სპორტული ფორმაც, რომელიც ასე გამოიყურება.

ცნობისთვის,  ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში 5-21 აგვისტოს გაიმართება. წლევანდელ ოლიმპიადაზე საქართველოს 39 სპორტსმენი წარმოადგენს, რაც რეკორდული რაოდენობაა. ქართველები სპორტის 13 სახეობაში იასპარეზებენ. ამასთან, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ოლიმპიადაზე  დედა-შვილი ერთად მიიღებს მონაწილეობას. საუბარია  ნინო სალუქვაძესა და მის 18 წლის ვაჟზე ცოტნე  მაჭავარიანზე, რომლებით ტყვიით სროლაში იასპარეზებენ.

სპორტსმენთა ნაწილი რიოში რამდენიმე ნაკადად სამშაბათიდან მიემგზავრება.

რაც შეეხება ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა ჩაცმულობას, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველები ქართველი დიზაინერის  ეკა გოცირიძის მიერ  შეკერი ტანსაცმლით გამოვიდნენ.

2008 წლის პეკინში გამართულ ოლიმპიადაზე კი საქართველოს დელეგაცია  ფირმა “ავთანდილის” მიერ შეკერილი თეთრ-წითელი კოსტუმებით წარდგა.