გიორგი ლუკავა (1tv.ge).

აფხაზური საზოგადოება აღშფოთებას არ მალავს თბილისისთვის ქართველი მებრძოლის გიორგი ლუკავას გადმოცემის გამო, რომელსაც 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი „აფხაზეთის ტერიტორიაზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის“ ჩადენის მუხლით.

უკმაყოფილებას გამოხატავს დე ფაქტო საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა და აცხადებს, რომ მის დროს ეს საკითხი დაიხურა. ერთ-ერთი გავლენიანი პარტია „აინარის“ ლიდერი თენგიზ ჯოპუა კი ამ შეწყალების გამო პროკურატურაში ჩივილსაც გეგმავს. ის მიიჩნევს, რომ 20-წლიანი პატიმრობაც კი ძალიან მცირე სასჯელი იყო „ლუკავასნაიარი საშიში დამნაშავისთვის“, რომელიც „აფხაზებს ტერორისტულ აქტებს უწყობდა“.

ჟურნალისტები და საზოგადოების წევრები რამდენიმე დღეა დე ფაქტო ხელისუფლებისაგან დაჟინებით ითხოვენ პასუხს, თუ რატომ გათავისუფლდა „დამნაშავე, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით იყო ცნობილი“ და თან ისე, რომ ხელისუფლებამ საჭიროდ არ მიიჩნია მიზეზი აეხსნა.

ინფორმაცია, რომ გიორგი ლუკავა სოხუმის დრანდის ციხიდან გათავისუფლდა და ქართულ მხარეს გადაეცა, 25 დეკემბერს თბილისში გავრცელდა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო აფხაზეთში დიდი დისკუსია და აღშფოთებული კომენტარები „ფეისბუქში“.

EkhoKavkaza-სთან საუბარში აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს პრესმდივანი ელანა ჯოპუა ამბობს, რომ ლუკავას შეწყალებაზე მათთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

მისი თქმით, გალის სოფელ ბარღების მკვიდრი, 56 წლის გიორგი ლუკავა აფხაზეთში 2012 წლის მაისში დააკავეს, 2013 წლის 25 სექტემბერს სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, პლუს 225 000 რუბლის ჯარიმაც დააკისრა. ლუკავას ბრალი ედებოდა შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელობაში, რომლის მოვალეობაც „აფხაზეთის რესპუბლიკის“ მაღალჩინოსნების „მიზანმიმართული მკვლელობები“ 1993-1994 წლებში.

ლუკავას შეწყალებაზე კითხვები დაისვა 26 დეკემბერსაც საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრ დაურ კობეს წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზეც.

„მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის გაგრძელება იმ პროცესის, რომელიც დაკავშირებული იყო 4 ბიჭის გაცვლასთან. მაშინ სიაში ლუკავაც იყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, გაცვლა ვერ მოხერხდა და მოხდა ახლა,“- თქვა კობემ.

ცნობისათვის, 2016 წელს სოხუმი ციხეში მყოფი საქართველოს 8 მოქალაქე გაიცვალა თბილისში უვადო პატიმრობამისჯილ 4 ოსზე. დაახლოებით 1 თვის წინ კი თბილისს ოსური ციხიდან გათავისუფლებული გიორგი გიუნაშვილი გადასცეს და მაშინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ მის სანაცვლოდ თბილისის ციხეში მყოფი აფხაზი უნდა გათავისუფლებულიყო. თუმცა აფხაზები გაბრაზებით წერენ, რომ აფხაზი პატიმრის გათავისუფლებაზე ინფორმაცია არ არსებობს, პირიქით, შემდეგი გათავისუფლებული ისევ ქართველი პატიმარი აღმოჩნდა.

უკმაყოფილებას გამოხატავს დაურ კობეს წინამორბედი, ყოფილი „მინისტრი“ ვიაჩესლავ ჩირიკბა, რომელიც „ფეისბუქზე“ წერს,  რომ სწორედ მის დროს ითხოვდა თბილისი ლუკავას გათავისუფლებას, მაგრამ მან ეს საკითხი „უსაფრთხოების სამსახურთან“ განიხილა და რადგანაც საქმე უკიდურესად საშიშ დამნაშავეს ეხებოდა, საკითხი დაიხურა.

იმავეს ფიქრობს პარტია „აინარის“ ლიდერი თენგის ჯოპუა. მისი თქმით, ლუკავა ქართული შეიარაღებული დაჯგუფება „ტყის ძმების“ წევრი იყო. ეს დაჯგუფება იტაცებდა და კლავდა აფხაზებს, რიგით მოქალაქეებესაც და აფხაზეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებსაც. ამბობს, რომ ლუკავა ცნობილი იყო „მკვლელობებითა და ხალხის წამებით“. უფრო მეტიც, აფხაზების წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლის გარდა, ჯოპუა გიორგი ლუკავას გალის ადგილობრივი ქართული მოსახლეობისათვის თხილის მოსავლის წართმევასა და ყაჩაღობაშიც კი სდებს ბრალს.

„ნებისმიერ ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში ასეთ ადამიანს ყველაზე მძიმე სასჯელს დაუწესებდნენ და არანაირი შეწყალება არ უნდა მომხდარიყო“, – აცხადებს ჯოპუა.