ამბები

უხერხული კურიოზი პარლამენტში – დეპუტატს საერთაშორისო ბანკი საროსკიპოში აერია?

by | Jul 22, 2015
ჯაჭვლიანი ოლიმპიური სოფელს სტუმრობს (Facebook)

ჯაჭვლიანი ოლიმპიური სოფელს სტუმრობს (Facebook)

„ქართული ოცნების“ მმართველი გუნდის წარმომადგენელი პარლამენტში, რომელიც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია მკლავჭიდში, ოთხშაბათს მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში მოექცა პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული კურიოზული განცხადების გამო.

სოსო ჯაჭვლიანმა, რომელიც გარდა იმისა, რომ საკმაოდ დამსახურებული სპორტსმენია, ასევე პოპულარული მსახიობი გახლავთ, პარლამენტის ტრიბუნიდან საკმაოდ ბუნდოვანი განცხადება გააკეთა, რომლის შინაარსი საზოგადოებამ ისე გაიგო, თითქოს მას ერთმანეთში აერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, EBRD, გინდათ „იბიარდი“, და… საროსკიპო.

მან ოპოზიციას უსაყვედურა, თითქოს მისი ოჯახის დანგრევა უნდოდათ,  რადგან თქვეს, რომ ჯაჭვლიანი „იბიარდის“ ფორუმზე იმყოფებოდა.

EBRD-ის ფორუმი თბილისში მაისში გაიმართა, ამას დაემთხვა პარლამენტის სესია, სადაც კვორუმი არ შედგა. ამის გამო ბევრ დეპუტატს საპარლამენტო სესიაზე გაცდენები საპატიოდ ჩაეთვალა.

მაშინ ეკა ხერხეულიძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ უმრავლესობის წევრები სესიაზე გამოუცხადებლობის გამო გააკრიტიკა და სარკასტულად დასძინა, „რა, ბატონი ჯაჭვლიანი ახლა „იბიარდის“ კონეფერციაზე სიტყვით გამოდის“ და იმიტომ არ იყო სესიაზეო?

ეს განცხადება 9 მაისს გაკეთდა, მაგრამ პარლამენტის ტრიბუნიდან სოსო ჯაჭვლიანის რეაგირება ოთხშაბათს მოჰყვა. თუმცა, როგორც ჩანს, მას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აბრევიატურის შინაარსი არასწორად ჰქონდა გაგებული.

მან პარლამენტის სესიაზე ეკა ხერხეულიძის განცხადება გაიხსენა და ოპოზიციონერი დეპუტატი მისი ოჯახის  დანგრევის მცდელობაში დაადანაშაულა.

„ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ბრძანა ამ რამდენიმე თვის წინ, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა და კვორუმი იმიტომ არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები, მე ერთგული მეუღლე ვარ. თქვენი გუნდი დადიოდა ამ იბიარდზე 10 წლის განმავლობაში,“ – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

ამას კურიოზულ განცხადებას წინ უძღვოდა კიდევ უფრო უხერხული სიტყვები.

„მე ბოზებში არასოდეს არ დავდიოდი, არც მაშინ და არც ახლა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო 10 მანეთის გადახდა. 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე, ცნობისთვის, თუ ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ „ნამუშევარი“ 10 მანეთის გარეშე,“ განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „ქართული ოცნებიდან“, მანან კობახიძემ, რომელიც ამ სხდომას უძღვებოდა, რამდენჯერმე სცადა თანაპარტიელისთვის სიტყვა გაეწყვეტინებინა, მაგრამ ვერ მოახერხა.

„მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ამომრჩევლებს, ჩვენს მომხრეებს თუ მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით ყველა ქალს, ვინც დარბაზში იჯდა ან ეთერში გვისმენდა… იმ უხამსი შინაარსის გამონათქვამებისთვის, რაც ბატონი სოსო ჯაჭვლიანის განცხადებაში იყო და, ჩემი აზრით, ყოველგვარი იუმორის, ხუმრობის ფარგლებს ცდება,“ დაწერა სხდომის შემდეგ მანანა კობახიძემ თავის ფეისბუქში.

„ვწუხვარ, რომ მე, როგორც სხდომის წამყვანმა, ვერ შევძელი მისი შეჩერება… დღეს მე პირადად შემრცხვა ჩემი კოლეგის გამო და არ მრცხვენია ამის აღიარების!“ წერს მანანა კობახიძე.

სოსო ჯაჭვლიანი მმართველი კოალიციის წარმომადგენელია და ის  პარლამენტის წევრია 2012 წლიდან. ის 57 წლისაა, არის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.  აქვს უმაღლესი განათლება.  დამთავრებული აქვს საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031