უფლებადამცველთა ჯგუფის თქმით, 2013 წელს რელიგიურ უმცირესობებზე ზეწოლა გაიზარდა.

15 ნოემბერს იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს სამეგრელოს სოფელ ზემო ეწერში ორჯერ ესროლეს. შენობაში იეჰოვას მოწმეები კვირაში ორჯერ იკრიბებიან, თუმცა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), რომელიც ახალგაზრდა უფლებადამცველებითაა დაკომპლექტებული, ინციდენტი შეისწავლა.

EMC-მ გამოავლინა, რომ ზედა ეწერში სამეფო დარბაზის დაცხრილვა ბოლო პერიოდში რელიგიური უმცირესობის შევიწროვების ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ოცდაათამდე სტუდენტი იეჰოვას მოწმეებს თავს დაესხა ბათუმში, სიტყვიერად შეურაცხყო ისინი და აუკრძალა რელიგიური ლიტერატურის გავრცელება.

„ადრე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და სასულიერო პირები, ბასილ მკალავიშვილის წინამძღოლობით, ფიზიკურად და სიტყვიერად გვისწორდებოდნენ. თავს გვესხმოდნენ კრებებზე, გვდევნიდნენ ქუჩებში. ახლა ხალხი მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებს“ – ამბობს ნინო, იეჰოვას მოწმე, რომელიც ყოველ დღე ორ საათს ატარებს იეჰოვას მოწმეების საინფორმაციო დახლთან, რომლებიც მთელს ქალაქში, სხვადასხვა უბნებშია განთავსებული.

„ერთი მოხუცი ქალი ყოველდღე მოდის აქ და გვიყვირის, რომ სექტანტები ვართ, ქვეყნის და ერის გაუნათლებელ მოღალატეებს გვიწოდებს,“ ამბობს ეკა, ახალგაზრდა ადვოკატი, რომელიც 5 წელია, რაც იეჰოვას მოწმეა და დახლთან ნინოს შესაცვლელად მოვიდა, “მე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არასდროს გავმხდარვარ, მაგრამ ხალხი ხშირად გვემუქრება. ჩვენ ამას უკვე მივეჩვიეთ. ღმერთი მოითხოვს, რომ მომთმენები ვიყოთ“

EMC ამტკიცებს, რომ 2013 წელს იეჰოვას მოწმეებზე იმაზე მეტი ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, ვიდრე გახმაურდა და სახელმწიფოს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია.

„ ძირითადად, გამვლელები და ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლები შეურაცხყოფენ მათ. პოლიცია ხშირად ლოალურია ძალადობის მიმართ ან თვითონაც მონაწილეობს. სახელმწიფო შემოიფარგლება გამოძიების დაწყებით, თუმცა საქმეები რამდენიმე თვეში იხურება. ხშირად პოლიცია სულაც უარს ამბობს გამოძიების დაწყებაზე და დამნაშავეებს მხოლოდ სიტყვიერ ან წერილობით შენიშვნას აძლევს,“ წერს EMC.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზედა ეწერის შემთხვავაზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა სახელმწიფოს მოუწოდა, უფრო აქტიურად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა, რათა თავიდან აირიდონ მისი განმეორება.

სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის ფაქტები, რაც წინა წლებში შემცირებული იყო, 2013-ში კვლავ გაიზარდა.