ამბები

უსუფაშვილი: შეურაცხყოფილი ვარ, როცა პარტიები პენსიონერებს პენსიების გაზრდას ჰპირდებიან

by | Sep 9, 2016

Usupashviliპარლამენტის თავმჯდომარის, რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, ქვეყანა საპენსიო პროგრამაზე უნდა გადავიდეს. მისი ცნობით, სწორედ ამას გულისხმობს პარტიის საპენსიო პროგრამა, რომელსაც ამომრჩეველს სთავაზობენ და არა პენსიის 5-10 ან 15 ლარით მომატებას.

“მე, როგორც საქართველოს მოქალაქე,  როგორც ამომრჩეველი, როგორც პენსიონერი მშობლების შვილი,  შეურაცხყოფილი ვარ იმ ტიპის საარჩევნო კამპანიებით, როდესაც პოლიტიკური პარტიები პენსიონერებს ჰპირდებიან მორიგი 5-10 ან 15 ლარის  მომატებას. ეს არის სირცხვილი და ასე ჩვენ ვერასოდეს ვუზრუნველვყოფთ სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს. ამიტომ, რესპუბლიკური პარტიის ხედვაა, რომ სახელმწიფოს მშენებლობას სჭირდება დრო და გრძელვადიანი პროექტები. თუ დღეს გრძელვადიანი პროექტები არ დავიწყეთ, ვერასოდეს დაიწყება.

„ჩვენ უნდა გადავიდეთ დაგროვებით პენსიაზე, უნდა გადავიდეთ იმ სისტემაზე, რომ საპენსიო უზრუნველყოფაზე დღესვე ვიზრუნოთ, სანამ შრომისუნარიანები ვართ.  ჩვენი სამეტაპიანი პროგრამა მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ იმ წუთიდან, როდესაც დაიწყებენ შრომით საქმიანობას, რომ თავიანთი საშემოსავლო გადასახადის 20%-დან გარკვეული ნაწილი მიმართონ საპენსიო ფონდისკენ. ეს არ არის დამატებითი ხარჯი, მაგრამ ეს არის ჩვენი მომავლის უზრუნველსაყოფად. ამ პრინციპით, ჩვენ ვიქნებით უზრუნველყოფილი არა მხოლოდ სიბერეში, არამედ ეს ჩვენი თანხები მოხმარდება ჩვენსავე ქვეყანას”, – განაცხადა ”რუსთავი 2-ის” ეთერში  უსუფაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საპენსიო ცვლილება ყველა არჩევნებზე, ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში  პენსია 50 ლარით გაიზრდება ანუ 230 ლარი გახდება. „თავისუფალი დემოკრატები“ კი პენსიის, არც მეტი არც ნაკლები, 300 ლარამდე გაზრდის პირობას დებენ.  კიდევ უფრო გულუხვია ბედუკაძე-ხაჩიშვილის გაერთიანება „ცენტრისტები“, რომელიც 400-ლარიან პენსიას ჰპირდება ხალხს, თუმცა ეს პარტია ცესკომ სხვა დარღვევისთვის არჩევნებიდან მოხსნა.

ამ მხრივ განსაკუთრებული კრიტიკა  „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის საარჩევნო დაპირებამ დაიმსახურა, რომლის თანახმადაც,  „პენსია 250 ლარამდე გაიზრდება. სოციალური დახმარება კი, რომელიც ახლა  500 000 ადამიანს ეძლევა, ერთ მილიონს დაენიშნება“.

ეკონომისტი ლევან კალანდაძე ბურჭულაძის განცხადებას მოქალაქეთა მოტყუების მცდელობად აფასებს. მისი შეფასებით, ასეთი განცხადება „უცოდინრობის (არა მხოლოდ ეკონომიკის), პოლიტ-უმწიფრობის და ცრუ პოლიტ-პოპულიზმის „ბრწყინვალე“ (ქრესტომათიული) ნიმუშია.“

ჯერჯერობით უცნობია, როგორია ამ მხრივ  ხელისუფლების საარჩევნო დაპირება, რადგან მმართველ გუნდს სამოქმედო გეგმა  არ გამოუქვეყნებია. თუმცა, „ქართული ოცნების” წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე პენსიის გაზრდასთან დაკავშირებით სხვა პარტიების დაპირებას არარეალურად აფასებს. მისივე თქმით, გამოსავალი  დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებაა, რომლის ამოქმედებასაც ხელისუფლება 2017 წლის მესამე კვარტლიდან გეგმავს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ტარიელ ზივზივაძე ამბობს რომ პენსიების მკვეთრ მატებას მინიმუმ ორ წელში ბიუჯეტი ვერ გაუძლებს. როგორც მან „მოამბესთან“ საუბრისას აღნიშნა,  არცერთი პარტიის პროგრამაში არ ჩანს ის შემოსავალი, რომ 250 ლარი და იმის ზემოთ პენსიის ზრდა რეალისტური იყოს.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 716 287  პენსიონერია რეგისტრირებული.  წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც ჯამში 10 მილიარდ ლარს შეადგენს, პენსიებისთვის  1,570 მილიარდი ლარი გამოიყო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მიმდინარე წლის ივნისიდან პენსია გაიზარდა და 180 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს „ქართული ოცნება“ წინაასარჩევნოდ ხალხს ჰპირდებოდა რომ პენსია, დაახლოებით, 220-230 ლარი გახდებოდა.

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031