ამბები

უსუფაშვილი: ბატონი ბიძინაც ჭორების მანქანის მსხვერპლი აღმოჩნდა

by | Sep 6, 2016
davit_usupashvili

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ახლა, 2012 წლისგან განსხვავებით, ივანიშვილის პოტენციური პარტნიორი უფრო „პატრიოტთა ალიანსია“ ვიდრე რესპუბლიკური პარტია ან „თავისუფალი დემოკრატები“

„ვწუხვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვა პროექტი წარმოადგინა, იმისგან განსხვავებული, რაც 2011-2012 წლებში ჰქონდა და ამ პროექტში მისი პოტენციური პარტნიორი უფრო „პატრიოტთა ალიანსია“, ვიდრე რესპუბლიკური პარტია ან „თავისუფალი დემოკრატები,“ – ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი  სამშაბათს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი და მისი პარტიის მიმართ გურიაში წინა დღით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

უსუფაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკურ კამპანიაში, საარჩევნო კამპანიის დროს კი პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს აკრიტიკებენ, რითაც ყველა საკუთარ განზრახულობას აჩენს და „რესპუბლიკელებზე“ ჭორის დონეზე საუბარი სამწუხაროა.

„თურმე მე ან რომელიმე რესპუბლიკელს ილია ჭავჭავაძე ცუდ კაცად მიგვაჩნია. აქ არაა სალაპარაკი სახელმწიფოზე, ესაა ჭორების აყოლა. მე ვწუხვარ, რომ აქამდე დავიდა ეს კრიტიკა. ეს არ არის სწორი და კარგი,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ორშაბათს, 5 სექტემბერს ოზურგეთში ტელეკომპანია GDS-ის მორიგ გადაცემაში  „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ რესპუბლიკური პარტია გააკრიტიკა, ასევე დავით უსუფაშვილიც, რომელსაც ყოველთვის საუკეთესო პოლიტიკოსად ახასიათებდა და რამდენიმე თვის წინ რესპუბლიკური პარტიის დატოვება და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობაც კი შესთავაზა, რაზეც მაშინ უსუფაშვილისგან უარი მიიღო.

ივანიშვილმა თქვა, რომ რესპუბლიკურ პარტიას მოსახლეობა სწორად აფასებს და ამიტომ აქვს პარტიას ძალიან დაბალი, 1%-იანი რეიტინგი, რადგან მათთვის „სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება რესპუბლიკური პარტია და სრულდება იქ, სადაც მთავრდება “რესპუბლიკური პარტია”.

„მათი წევრების გამონათქვამებს ვუკეთებ სწორ ინტერპრეტაციას, რომ ილია ჭავჭავაძე არცთუ ისე კარგი კაციაო და ასეთი გამონათქვამები მათგან ხშირად გვესმის. განათლებულობით დამძიმებული თავებით ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ და საზოგადოება ამას კარგად აცნობიერებს. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი საერთო-სახალხო საქმესა და სახელმწიფოზე ფიქრის. ისინი ახერხებენ ერთ ჯგუფში და ერთი ჯგუფის იდეალებში ხოტბა შეასხან საკუთარ პარტიას,” – განაცხადა ივანიშვილმა.

კონკრეტულად უსუფაშვილი კი მოქმედი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ქებისას გააკრიტიკა. ივანიშვილის თქმით, უსუფაშვილს გიორგი კვირიკაშვილის მსგავსი არც ერთი თვისება არ აქვს. თანაც, უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეობა კოალიციის დახმარებით მოახერხა და ახლა „ქართულ ოცნებას” თავის თავს ამადლის.

„კვირიკაშვილის ძირითადი მოწოდება არ არის საკუთარი სავარძლის შენარჩუნება. ის არის ძალიან დიდი პატრიოტი საკუთარი ქვეყნის, აქვს უამრავი გამოცდილება მართვის. არის კარგი ფინანსისტი, კარგი მენეჯერი. ძალიან მოკლე დროში აჩვენა, რომ არის ძალიან მაგარი დიპლომატი და მთელ ევროპასა და ამერიკას თავი შეაყვარა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. უპატიოსნესი კაცია. ერთი მანქანით გადაადგილდება ეს კაცი რეგიონებში. საოცრად განიცდის საერთო ფულიდან თითოეული თეთრის დახარჯვას, საოცრად მოწესრიგებული კაცია. უსუფაშვილს არც ერთი მსგავსი თვისება არ აქვს, რაც კვირიკაშვილს აქვს. „ქართულ ოცნებაში”, კოალიციაში ყოფნისას მოახერხა და პარლამენტის თავმჯდომარე გახდა ისევ ჩვენივე დახმარებით და ამას გვამადლის მუდამ,” – განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის განცხადებებს მალევე გამოეხმაურნენ „რესპუბლიკელები“.

დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფოსთან დაკავშირებული საკითხებისადმი „რესპუბლიკელების” მიდგომაზე უახლოეს მომავალში წერილში ისაუბრებს, ჭორების ნაწილში კი ივანიშვილთან კამათში აყოლას არ აპირებს.

„ბიძინა ივანიშვილი როგორც ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის ლიდერი და მისი გამარჯვება-წარმატებისთვის მოღვაწე, ამ როლშია ახლა და მე არ მიკვირს, რომ ის სხვებს აკრიტიკებს. მე მიკვირს ერთადერთი რამ ამ კომენტარებში, რომელიც დღეს მოვისმინე, როდესაც საუბარია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის რეიტინგზე, მხარდამჭერთა რაოდენობაზე და ა.შ. ამ თემაზეც ძალიან ბევრი გვისაუბრია მე და ბატონ ბიძინას და შევთანხმებულვართ იმაზე, რომ ქვეყანა ვერასოდეს წავა წინ, თუ იგი არ გათავისუფლდა ჭორების გამავრცელებელი მანქანისგან და რომ ეს მანქანა, სამწუხაროდ, ქვეყანაში საკმაოდ მძლავრობს,” – აღნიშნა უსუფაშვილმა და წუხილი გამოთქვა, რომ „თავად ბატონი ბიძინა აღმოჩნდა ამ მანქანის მსხვერპლი”.

დავით ბერძენიშვილმა ექსპრემიერს კრიტიკული განცხადების შეფასებისას გურული გამონათქვამი მოიშველია: „გამახსენდა, გურულები როგორც ამბობენ ხოლმე, „არ დეიტიება მარტო“,  ბიძინა ივანიშვილი „რესპუბლიკელების“ გარეშე არის შეცდომების კასკადის ჩამდენი.”

ლევან ბერძენიშვილის თქმით კი ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ სახელმწიფო არის თვითონ, ვითომ ლუი XIV იყოს, რომელმაც თქვა “L’Etat, c’est moi” –  სახელმწიფო ეს მე ვარო, ზუსტად ასე ფიქრობს და არ მოწონს არავინ, ვინც ინსტიტუციურად სხვანაირად უყურებს.

რესპუბლიკური პარტია 2012 წელს კოალიცია „ქართულ ოცნებასთან” ერთად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში. არჩევნების შემდეგ, 2012 წლის 21 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარედ დავით უსუფაშვილი აირჩიეს. წელს, 2016 წლის ზაფხულში კი კოალიცია დატოვეს და ოქტომბრის არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრიან.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031