საგარეჯოს მინიციპალიტეტის სოფლებში  – დუზაგრამაში, ქეშალოში, ლამბალოში, თულარში, პალდოსა და კაზლარში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, საქართველოში ჩატარებული მიწის რეფორმის შემდეგ მიწის გარეშე დარჩა.

სოფელ ქეშალოში მცხოვრები 65 წლის დურმუშხან ეიუბოვი ამბობს, რომ სოფელი საძოვრის გარეშე დარჩა: “სოფლის კუთვნილი მიწები ისე გაყიდეს, არაფერი გვკითხეს. ერთ დღეს დავინახეთ, რომ მიწები შემოღობილი იყო. ახლა საძოვარი აღარ გვაქვს. ზამთრის საძოვარს 25 ათას ლარად ვქირაობთ, ზაფხულის საძოვარში კი 15 ათას ლარს ვიხდით.”

53 წლის იუსუბ მაგამედოღლუ ლამბალოს მკვიდრია. იუსუბი აცხადებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სარჩენი მიწა აღარ დარჩა და ისიც სხვების მსგავსად იძულებულია, საქონელი საძოვარზე სხვა რაიონში გადაიყვანოს, რაც ძალიან ძვირი უჯდება: “ახლა 200 ცხვარიღა მყავს. იმის გამო, რომ საძოვრის იჯარის გადახდა მიჭირს, ფარას ძლივსღა ვინარჩუნებ. იძულებული გავხდი, რომ თბილისთან ახლოს პატარა ნაკვეთზე კარავი გამეშალა და ცხვარი იქ შემენახა, მაგრამ მაგისი უფლებაც არ მომცეს.”

მიწის რეფორმა საქართველოში 1992 წელს დაიწყო. რეფორმის მთავარი მიზანი სამოქალაქო ომისა და ეკონომიკური პრობლემების შედეგად უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობისთვის სახელმწიფო მიწის განაწილება იყო. მცირე ნაკვეთებად დანაწევრებული ფართობები თითქმის მთელ მოსახლეობას დაურიგდა.

პრივატიზაციის დროს სახელმწიფომ სულ მოსახლეობას 744 ათასი ჰექტარი მიწა გადასცა. ამ ფართობიდან 437 ათასი ჰა სახნავი, 181 ათასი საბაღე, 42 ათასი სათიბი და 84 ათასი ჰა საძოვარი იყო. იმ პერიოდისთვის ეს მთელი სახნავ-სათესი და მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწის 62%-ს და სათიბისა და საძოვრის 5%-ს შეადგენდა.

პრივატიზაციის მეორე ეტაპი 2005 წელს დაიწყო, რომლის დროსაც კიდევ 460 ათასი ჰექტარი განაწილდა. სხვადასხვა ზომის მიწის ნაკვეთები ერგოთ სოფლად და ქალაქად მცხოვრებ მოქალაქეებს. მოსახლეს, რომელიც სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, 1,25 ჰექტარი გადაეცა. 0,75 ჰექტარი მიიღეს პირებმა, რომლებიც სოფლის მეურნეობით არ იყვნენ დაკავებული. რეგიონული ცენტრებისა და დაბების მოსახლეობას – შესაბამისად 0,75 და 0,5 ჰექტარი გამოუყვეს. მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობას – 5 ჰექტრამდე ფართი მისცეს. ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობას შეეძლო მიეღო 0,15 ჰა ნაკვეთები ქალაქის მომიჯნავე ზონებში და 1 ჰექტრამდე მაღალმთიან რაიონებში. პარალელურად მიმდინარეობდა იჯარით გაცემული მიწების გაყიდვისა და დარჩენილი სახელმწიფო მიწების აუქციონის წესით გაყიდვაც.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს მიწის პრივატიზაცია ფარულად მოხდა და ისინი ამ პროცესის მიღმა დარჩნენ.

“მიწის პრივატიზების დროს მიწის შეძენის უპირატესი უფლება აქვს ადგილობრივ მაცხოვრებელს. მიწა მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიყიდოს სხვა პირზე, თუ ადგილობრივი უარს იტყვის მის შეძენაზე. რეფორმის დროს დაირღვა კანონი: მიწის დიდი ნაკვეთები ტენდერით ისე გაიყიდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები და სურვილები გათვალისწინებული არ იქნა. გარდა ამისა, რეფორმის დროს ბევრი დოკუმენტი დაიკარგა, რის გამოც გართულებულია მიწის რეგისტრაცია,” – ამბობს ჩვენთან საუბარში საგარეჯოს მუნიციპლიტეტის მერიის ერთ-ერთი თანამდებობის პირი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ მოისურვა.

სახალხო მოძრაობა “ღირსების” თავმჯდომარე ალიბალა ასგაროვი მიიჩნევს, რომ “ცენტრალურმა ხელისუფლებამ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს მიწის პრივატიზების საშუალება არ მისცა.”

იუსუბ მაგამედოღლი.

საქართველოში ჩატარებული მიწის რეფორმის მიმდინარეობისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთვის ჩვენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავუკავშირდით, თუმცა მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ამჟამად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვაზე მორატორიუმია გამოცხადებული.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლის ერთადერთი წყარო სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობაა. იმის გამო, რომ ადგილობრივებს სამყოფი მიწა არ აქვთ, მოსახლეობის ნაწილი იძულებულია ტრადიციული დასაქმების სფეროზე უარი თქვას და თავის რჩენის სხვა გზა ეძებოს. ქეშალოელი დურმუშხან ეიუბოვი ამბობს, რომ უმიწობის გამო რაიონში მეცხოველეობის განვითარება ახლა უკვე თითქმის შეუძლებელია:

“გაყიდული საქონლისგან მიღებულ თანხას ფერმის ქირასა და სხვა ხარჯზე ვიხდით. ჩვენ მხოლოდ კაპიკებიღა გვრჩება, რაც მხოლოდ მშრალი პურის საყიდლად თუ გვყოფნის. ბოლო დროს საქონლის გაყიდვაც ჭირს: საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვზე მოთხოვნა ძალიან დაბალია. აზერბაიჯანში მაღალი ინფლიაციაა და ჩვენ არ გვაწყობს აზერბაიჯანელებზე გაყიდვა. ძირითადი მყიდველები მხოლოდ ირანელები არიან და საქონლის ფასი დავარდა.”

ლამბალოს მკვიდრი იუსუბ მაგამედოღლი კი ფიქრობს, რომ მეცხოველეობას თავი უნდა დაანებოს: “საქონლისთვის წამალს და საკვებს ვყიდულობთ. გარდა ამისა, შენახვისთვის ფერმის იჯარას ვიხდით. ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯები. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი ფულია. მეცხოველეობიდან დიდი მოგება არ რჩება. ტყავს და მატყლს თითქმის არავინ ყიდულობს, მხოლოდ ხორცს ვყიდით  და მარტო ხორცი ხარჯს ვეღარ ფარავს. გავყიდი 200-ცხვრიან ფარას და სამუშაოდ თურქეთში წავალ. არავის აინტერესებს ჩვენი გასაჭირი და გამკითხავიც არ გვყავს ვინმე, რომ ჩვენი პრობლემები და გასაჭირი გავუზიაროთ.”

რამილ გუსეინოვი

სტატია მომზადებულია “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.