sarpi

(interpressnews)

ორი დღეა სარფის სასაზღვრო პუნქტი თურქეთში გადამსვლელებისთვის სრულად ჩაკეტილია. საზღვრის გადაკვეთას საქართველოს მოქალაქეები, ისიც შეფერხებით, ძალიან ნელი ტემპით, მხოლოდ თურქეთის მხრიდან ახერხებენ. საზღვართან უზარმაზარი რიგებია. თურქეთის მხარე მიზეზად ტექნიკური  ხარვეზს ასახელებს. კერძოდ, თურქეთის საბაჟოს კომპიუტერული სისტემის გაუმართაობა. გაურკვეველია, მიმოსვლა როდის აღდგება.

სარფში პრობლემა 26 ოქტომბერს ღამით შეიქმნა და ამ დრომდე საბაჟოსთან რიგებია. საქართველოს მოქალაქეები ვერც თურქეთში გადადიან და ვერც თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნებას ახერხებენ. ხუთშაბათს, 27 ოქტომბრის ღამეს საბაჟო ნაწილობრივ გაიხსნა ავტომანქანებისთვის,  ასევე ქალებისა და ბავშვებისთვის, თუმცა მხოლოდ დროებით.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საზღვრის გადმოკვეთა, დაახლოებით, 300-მა მოქალაქემ შეძლო. თურქმა მებაჟეებმა და ჟანდარმერიამ რიგში მდგომ ქალებსა და ბავშვებს პასპორტები გამოართვეს და მათი იდენტიფიცირება ქართული მხარესთან გადამოწმებით შეძლეს.

პრობლემები და რიგები პარასკევსაც გრძელდება. სარფში მყოფები ამბობენ იმასაც, საბაჟოს თანამშრომლებმა გააფრთხილეს, რომ შეფერხებები შესაძლოა ორშაბათამდეც გაგრძელდეს.

საბაჟოზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ სასაზღვრო კონტროლის გავლა შეუძლიათ მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს, როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხარეს. თუმცა ამ ინფორმაცის შემოსავლების სამსახური არ ადასტურებს.

პარასკევს დილით სარფში ჩავიდნენ აჭარის მთავრობს თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიქანი. ზურაბ პატარაძის განცხადებით, თურქულ ელექტრონულ სისტემაზე განხორციელდა კიბერ შეტევა, რის გამოც მწყობრიდან გამოვიდა სისტემა და სარფის ანალოგიური სიტუაციის შექმნილია თურქეთის ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.

„სარფში ორი მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ეს პროგრამა და მეორე – დროულად მოხდეს ჩვენი ხალხის გამოტარება,“ – ამბობს პატარიძე.

მისი თქმით, ქართული მხარე მაქსიმალურად ცდილობს, დაეხმაროს მოქალაქეებს საზღვრის გადმოკვეთაში და ხუთშაბათს ღამით 400-მდე საქართველოს მოქალაქის გადმოყვანა მოხერხდა.

იასინ თემიქანი კიბერშეტევას არ ადასტურებს. ის აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, თუმცა როდის აღმოიფხვრება ეს ხარვეზი, კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს.

ამბობს, რომ შესაძლებელია პრობლემა რამდენიმე საათშიც მოგვარდეს.

„ტექნიკური ხარვეზი შეიქმნა. არა მარტო სარფში, არამედ მთელი თურქეთის მასშტაბით საჰაერო და და სახმელეთო პუნქტზეა შექმნილი. შესაბამისი უწყებები პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ. სისტემა პერიოდულად ირთვება და ითიშება, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ და ვცდილობთ დროულად მოვაგვაროთ ეს პრობლემა. დღის ბოლომდე პრობლემა უნდა მოიხსნას,” – აღნიშნა კოსნულმა.