ამბები

უდესიანს და მუხაძეს ხარძიანის საქმეზე ბრალი წარუდგინეს

by | May 6, 2016

adjara_prosecutor_office2015 წლის 28 მარტს მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის წამებისა და ქონების იძულებით დათმობის  საქმეზე მთავარმა პროკურატურამ გლდანის მე-8 საპყრობილისა და გორის სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძესა და კულტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი უდესიანს ბრალი წაუყენა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, უდესიანმა მის მეგობარს, ალექსანდრე მუხაძეს დაავალა,  2011 წელს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ და მე-8 საპყრობილეში მყოფ ხარძიანზე ზემოქმედება, რათა ამ უკანასკნელს მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ბიზნეს-წილები უდესიანისთვის დაეთმო.

„მიღებული დავალების სისრულეში მოყვანის მიზნით, ალექსანდრე მუხაძის მითითებით, პატიმარ ბესარიონ ხარძიანის საკანში ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ორი პატიმარი მოათავსეს, რომლებსაც უშუალოდ ალექსანდრე მუხაძისგან  ჰქონდათ დავალება მიღებული – ნებისმიერი მეთოდით იძულებული გაეხადათ ბესარიონ ხარძიანი დაეთმო კომპანიების – „კუს ტბა კალასა“ და „კუს ტბა პალასის“ წილები.

„აღნიშნული პირები ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ახორციელებდნენ ბესარიონ ხარძიანზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, სცემდნენ და აიძულებდნენ ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დაეთმო, რასაც ალექსანდრე მუხაძის დავალებით ასევე საპყრობილეს თანამშრომლებიც  უწყობდნენ ხელს.

„ალექსანდრე მუხაძის დავალების შესაბამისად, ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილმა პირმა მოსთხოვა ბესარიონ ხარძიანს გიორგი უდესიანის სასარგებლოდ წილების გადაფორმება, ასევე განუცხადა, რომ აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას გაუპატიურება ემუქრებოდა,“- ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობითვე, გიორგი უდესიანის მიმართ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-144 პრიმა  მუხლის მე-2 ნაწილითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გრძელდება,  ხოლო  ალექსანდრე მუხაძის მიმართ – 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი 2015 წლის 28 მარტს, თბილისში მოკლეს. ხარძიანის ოჯახის წევრების აზრით, მკვლელობა ბიზნესმენი გია უდესიანის შეკვეთით მოხდა. პროკურატურისა და შს სამინისტროს ინფორმაციით,  ხარძიანი უკრაინის მოქალაქე, 30 წლის ოლეკსანდრ დამეტოვმა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ, 42 წლის ოლეგ დოევმა მოკლეს.

გიორგი  უდესიანი 2007-2008 წლებში კულტურის მინისტრის  მოადგილე იყო, მანამდე  2004 წლიდან თბილისის მერიაში სპორტის სამსახურის უფროსად მუშაობდა,  2005 წლიდან კი რეზერვისტთა ბატალიონის მეთაურის თანამდებობაზე.  უდესიანის სახელი მედიაში 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზეც გაჟღერდა, როდესაც ძიუდოისტებმა ამბაკო ავალიანმა და ბეთქილ შუკვანმა იმ დროს ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი უდესიანი ზეწოლასა და მუქარაში დაადანაშაულეს. უდესიანმა 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველო დატოვა.

რაც შეეხება ალექსანდრე მუხაძეს, მისი სახელი ფიგურირებდა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეშიც, რომელიც 2011 წლის სექტემბერში გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. გარდა ამისა მუხაძეს, 2014 წლის 8 იანვარს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრის, ელდარ ქობალიას  წამების საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზეც წარედგინა ბრალი.

მუხაძე, ასევე, ცნობილია იმით, რომ მისი დირექტორობის პერიოდში გლდანის ციხეში პატიმრების წამებამ არნახული მასშტაბი შეიძინა. უდესიანს კი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ოპოზიცია ე.წ. ზონდერბრიგადების მეთაურად ასახელებდა, რომლებიც ოპოზიციის აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და საპროტესტო აქციების დარბევას ახორციელებდნენ.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930