ugulavaa

(tabula.ge)

დედაქალაქის  ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ პარასკევს საღამოს საპატიმრო დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მისი ადვოკატების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მას ბრალი გადაუკვალიფიცირდა.

ამის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი, 3 თვე და 22 დღე განესაზღვრა.  იქიდან გამომდინარე, რომ  პატიმრობის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, ვადა 6 იანვარს ამოიწურა.

ე.წ. მატროსოვის ციხესთან უგულავას გამოსვლას მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანაგუნდელები ელოდებოდნენ. პირველი განცხადება ყოფილმა მერმა ჟურნალისტებთან საპატიმროდან გამოსვლისთანავე გააკეთა. მან მთავრობას პოლიტიკური ამნისტიისაკენ მოუწოდა.

„თუ ჩემი გათავისუფლება ამ პროცესის დასაწყისია, ძალიან კარგი, მაგრამ ამ მიმართულებით სამუშაო არის ძალიან ბევრი. მინდა ყველამ გააცნობიეროს, სანამ ჩვენ ქვეყანას ეყოლება პოლიტპატიმრები, პოლიტიკა იქნება უკიდურესად რადიკალური. იქნება მწვავე დაპირისპირება და პასუხისმგებელი მთავრობა იქნება,“ – აღნიშნა მან.

ყოფილ მერს განთავისუფლება ფეიქბუქით მიულოცა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.  „გიგის არც დანაშაული ჩაუდენია და არც არასწორი ქმედებები განუხორციელებია (მიუხედავად იმისა, თუ რა განაცხადა მან ბოლო სასამართლო პროცესზე) იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ივანიშვილის ჯიბის პროკურორები უყენებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში,“ – წერს სააკაშვილი და დასძენს, რომ   ეს პატიმრობა სხვა არაფერი იყო, თუ არა „ოლიგარქის პირადი შურისძიება და დაშინების კამპანიის ნაწილი”.

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

უგულავას პროკურატურა ედავებოდა „თბილსერვის ჯგუფში” ყოფილი მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმებას და ამით სახელმწიფოს კუთვნილი სახსრების გაფლანგვას, ასევე რიყის პარკის ტერიტორიის გასხვისებას.