zurab_tkemaladzeკომუნიკაციების ეროვნულ კომისიის ერთ-ერთ სამსახურში, რომელიც მხოლოდ 2 წელია შეიქმნა და სადაც შრომის ანაზღაურება საკმაოდ მაღალია, სულ 9 ადამიანი მუშაობს,  მათგან 5 თანამშრომელი კი „ქართული ოცნების“ დეპუტატების ზურაბ ტყემალაძისა და დიმიტრი ხუნდაძის ოჯახის წევრები და ოჯახის მეგობრები არიან. მათ ხელფასებისა და პრემიების სახით 2015 წელს ჯამში 406 073 ლარი აქვთ მიღებული, თითოეულს თვეში დაახლოებით – 3 700 ლარი.

ნეპოტიზმის ფაქტებზე ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, კომისიასთან არსებულმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2015 წელს შრომის ანაზღაურების სახით 335,095 ლარი, ხოლო პრემიის სახით 70,978 ლარი მიიღო. 2014 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, 2015 წელს აპარატმა ანაზღაურებაზე 150 ათასი ლარით მეტი დახარჯა.

მომხმარებელთა ინტერესების დამცველის თამთა ტეფნაძის განმარტებით და, ასევე, მარეგულირებლიდან მიღებული ოფიციალური წერილიდან ირკვევა, რომ აპარატში ხარჯების ზრდა 2015 წელს თანამშრომელთა რიცხობრიობის ზრდამ გამოიწვია.

2015 წლამდე აპარატში თამთა ტეფნაძის ჩათვლით დასაქმებული იყო 6 თანამშრომელი. 2015 წელს მათი რაოდენობა გაიზარდა 3 ადამიანით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობასთან” საუბარში თამთა ტეფნაძემ განაცხადა, რომ ამ ორი ადამიანიდან ერთი – ილია რთველიაშვილია, ხოლო მეორე – ირინა ტყემალაძე. ისინი შტატგარეშე თანამშრომლები არიან. ილია რთველიაშვილი პარლამენტარისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის ნათლულია. აღნიშნულს რთველიაშვილიც ადასტურებს და ამბობს, რომ ტყემალაძე „მამამისის ახლო მეგობარია, ფაქტობრივად ოჯახის წევრი.”

თუმცა, მისი განცხადებით, მას მუშაობის 21-წლიანი გამოცდილება აქვს და მის დასაქმებასთან ზურაბ ტყემელაძე არასოდეს ყოფილა კავშირში.

საზოგადოებრივი დამცველის აპარატის მეორე თანამშრომელი ირინა ტყემალაძე კი ზურაბ ტყემალაძის ძმის შვილიშვილია. აღსანიშნავია, რომ თავად თამთა ტეფნაძეც საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობაზე დანიშვნამდე ტყემალაძის კომიტეტში იყო დასაქმებული. საკონკურსო კომისიაში კი, რომელიც საზოგადოებრივ დამცველს ირჩევდა, თავად ზურაბ ტყემალაძეც მონაწილეობდა.

ტეფნაძის თქმით, ყველა საჯარო კონკურსის წესით არ დანიშნულა, რადგან ამას კანონი მათ არ ავალდებულებს.

აპარატის ვებგვერდზე, სადაც აპარატის 5 თანამშრომლის ბიოგრაფიაა განთავსებული, დამატებული არ არის ილია რთველიაშვილის და ირინა ტყემალაძის ბიოგრაფიები.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მომხმარებელთა საზოგადოებრივი ინტერესების დამცველის სამსახური 2007 წლიდან 2014 წლის 11 თებერვლამდე არ ყოლია.

მარეგულირებელში მოსვლის შემდგომ, საზოგადოებრივი ინტერესების დამცველმა სამსახურში რამდენიმე თანაშემწე აიყვანა. ერთ-ერთი მათგანი, ალექსანდრე მშვილდაძე, ტეფნაძის მსგავსად, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში იურისტად მუშაობდა.

თამთა ტეფნაძის აპარატშივე დასაქმდა პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძის ვაჟი გიორგი ხუნდაძეც. ტეფნაძის განმარტებით, რომელიც მან media.ge-ს მისცა, ხუნდაძის დანიშვნის მიზეზი მისი განათლებაა, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში გამოადგებოდა სამსახურს.

მეტი სიცხადისთვის ამ მომენტისათვის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში მუშაობს: ზურაბ ტყემალაძის ძმის შვილიშვილი, ზურაბ ტყემალაძის ნათლული, ზურაბ ტყემალაძის კომიტეტის ყოფილი თანამშრომელი  თამთა ტეფნაძე, პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძის შვილი. ტეფნაძის თანაშემწედ ასევე მუშაობს მისივე მეჯვარე, ნათია ფანგანი რომელიც აპარატში 2015 წელს დაინიშნა.

საზოგადოებისთვის უცნობია 2015-2016 წლებში თამთა ტეფნაძეს ხელფასის სახით რა თანხა აქვს მიღებული, რადგან აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მას არც 2015 და არც 2016 წლის დეკლარაციებში მითითებული არ აქვს. როგორც ჩვენთან საუბრისას ტეფნაძემ განმარტა სახელფასო შემოსავლის მითითება დეკლარაციაში ორივე წელს: “უბრალოდ გამორჩა.”