ამბები

სპეცუბნები უქმდება, პრობლემა რჩება

by | Mar 23, 2016

DSC_0184_local_election_2014_Croppedე.წ. სპეცუბნები უქმდება, მაგრამ მხოლოდ ტექნიკურად, ხმის მიცემის წესი კი უცვლელი რჩება და სამხედრო მოსამსახურეებს ისევ უნარჩუნდებათ უპირატესობა მაჟორიტარები, მერები ან გამგებლები იქ აირჩიონ, სადაც დისლოცირებულია მათი სამხედრო ნაწილი და არა იქ, სადაც რეგისტრირებულები არიან. ამდენად, სამხედროების ხმებით მანიპულირების შესაძლებლობა ისევ არსებობს.  

არადა, სწორედ ხმის მიცემის წესი იყო და არის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ნაწილის კრიტიკის თემა წლების განმავლობაში, რადგან მიიჩნევა, რომ ხელისუფლებაში მყოფი ძალის სასარგებლოდ სამხედრო მოსამსახურეების ხმებით მანიპულაცია  შესაძლოა სწორედ მაჟორიტარულ არჩევნებში ხდებოდეს და წლებია, როგორც წესი, სპეცუბნებში მაჟორიტარულ არჩევნებში მკვეთრად სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერა იყო და ეს წინა ხელისუფლების დროს კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა, მათ შორის დღეს ხელისუფლებაში მყოფი პირების მხრიდან.

სპეცუბნების საკითხის დარეგულირების თემა ყველაზე აქტუალური 31 ოქტომბრის საგარეჯოს შუალედური არჩევნების შემდეგ დადგა, როდესაც სახელისუფლებო კანიდატმა თამარ ხიდაშელმა, ოპოზიციური „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს, ირმა ინაშვილს მცირე სხვაობით, 3,7%-ით მოუგო, მაგრამ სპეცუბანზე, რომელიც მუხროვანის სამხედრო ბაზაზე მდებარეობს, ხიდაშელმა 573 ხმა მიიღო, ინაშვილმა კი მხოლოდ 101. მაშინ ინაშვილმა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ისევე როგორც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, თავისი თანაპარტიელის სასარგებლოდ ხმების გაყალბებაში დაადანაშაულა.

მაშინ ხელისუფლებამ დადო პირობა, რომ პოლიტიკური მანიპულაციებზე ეჭვების გასაქარწყლებლად სპეცუბნებს გააუქმებდნენ და რომ დღევანდელ მმართველ კოალიციას სპეცუბნების მეშვეობით ხმების მოპოვება არ სჭირდება.

ე.წ. სპეცუბნების საკითხის დარეგულირებაზე პარლამენტში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე ორი კანონპროექტია შესული. ერთი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ შეიტანა და მეორე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული, რომლის ინიცირება ფრაქცია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მოახდინეს.

კანონპროექტების განხილვა ორ – ადამიანის უფლებათა და თავდაცვისა და უშიშროების -კომიტეტში მიმდინარეობს. კენჭისყრა ჯერ არ ყოფილა.

მთავრობის  პროექტის მიხედვით სამხედრო დაწესებულებებში უქმდება სპეცუბნები, ხოლო რა შემთხვევაში შეიძლება გაიხსნას – დაკონკრეტებულია. სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ეცემათ ხმა მისცენ ახლომდებარე საარჩევნო უბანზე, სადაც მცირედი შესწორება მოხდება და ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზრდება. ასევე საუბარია იმაზე, რომ იმ სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებსაც სამხედრო ნაწილის დატოვება არ შეუძლიათ, გადასატანი ყუთი მივა და ხმას სამხედრო ნაწილში მისცემენ. მაგრამ ეს იქნება მცირე ნაწილი.

კონკრეტულად კი პროექტის მიხედვით თავდაცვის, შს, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების ტერიტორიაზე საარჩევნოდ სპეციალური უბნები აიკრძალება.

თუმცა კანონპროექტში კონკრეტდება ის გამონაკლისები, როცა 50-ზე მეტი ამომრჩევლის შემთხვევაში სპეცუბნების შექმნის შესაძლებლობები რჩება. კერძოდ კი:

სამხედრო მოსამსახურეების დისლოკაციის ადგილი საზღვარგარეთ; პენიტენციური დაწესებულებები; საავადმყოფოები და სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებები; სათნოების სახლები, მიუსაფართა თავშესაფრები, შშმპ პანსიონატები და სხვა სოციალური მიზნის დაწესებულებები.

თუ ამ დაწესებულებებში ამომრჩეველთა რაოდენობა 50-ს არ აღემატება, ისინი უახლოეს საარჩევნო უბანს მიემაგრება.

მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტით ძალოვანი სამსახურების მოსამსახურეები არჩევნებში მონაწილეობას მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიიღებენ.

იმ შემთხვევაში, თუ მათი სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, ისინი სპეციალურ სიაში შევლენ და საკუთარ არჩევანს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ უბანზე დააფიქსირებენ.

ხოლო იმ პირებს, რომლებსაც სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ დისლოკაციის ადგილი/სამსახურის დატოვება, მიეცემათ შესაძლებლობა, ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცენ.

რაც შეეხება პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ხმის მიცემას, ემატება ის, რომ მასში მონაწილეობას მხოლოდ ის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ, რომლებიც არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით 1 წლით ან მეტი ვადით განთავსებულია დისლოკაციის ადგილზე ან თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე DFWatch-თან საუბრისას აცხადებს, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივის სულისკვეთებას მიესალმება, რადგან სპეცუბნები იმ ფორმით უქმდება, რა ფორმითაც არსებობს, თუმცა არასამთავრობოებისგან სპეცუბნების გაუქმება მოთხოვნილი იყო იმ მიზეზით, რომ ერთ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ პირებს მეორე საარჩევნო ოლქში არ უნდა აერჩიათ მაჟორიტარები, მერები თუ გამგებლები. კანონპროექტით კი სამხედრო მოსამსახურეებს ეს შესაძლებლობ მაინც შეუნარჩუნდათ.

ბენიძის თქმით, წლების განმავლობაში კრიტიკის მთავარი თემა იყო ის, რომ სამხედრო მოსამსახურეები შეიძლება თეორიულად გამოიყენონ სწორედ მაჟორიტარულ არჩევნებში რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ და სამხედრო მოსამსახურეების ხმა იყოს გადამწყვეტი.

„პრობლემა კი ისაა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა მიბმულია რეგისტრაციის ადგილზე და თუკი რეგისტრირებული ხარ მაგალითად გლდანში, ხმას ვერ მისცემთ ოზურგეთში, თუნდაც რომ საქმიანობის გამო ოზურგეთში ცხოვრობდეთ. ასე უნდა ხდებოდეს სამხედრო მოსამსახურეების შემთხვევაშიც.

„თუმცა სხვებისაგან განსხავებით სამხედრო მოსამსახურეებს გამონაკლისი სახით უპირატესობა აქვთ მინიჭებული  და საკუთარი დისლოკაციის ადგილზე შუძლიათ მაჟორიტარის არჩევა.  ეს არის პრობლემა. ამიტომაც ალტერნატიული კანონპროექტი გვაქვს შეტანილი, რომლის მიხედვითაც ზოგადი სულისკვეთებაა, რომ სამხედრო მოსამსახურეების დიდმა ნაწილმა, რომელთა გაშვებაც შესაძლებელია, საკუთრ რეგისტრაციის ოლქში მისცეს ხმა. ხოლო მან, ვინც საკუთარი რეგისტრაციის ოლქში ვერ წავა, მხოლოდ პროპორციული წესით მისცეს ხმა.

„ეს არის მთავარი უთანხმოება ჩვენსა და თავდაცვის სამინისტროს შორის. ისინი ამბობენ, რომ სამხედრო მოსამსახურემ მაჟორიტარული წესითაც უნდა მისცეს ხმა და თან იმ ოლქში, სადაც მსახურობსო. გამოდის, რომ რა პრობლემაც ადრე იყო, ვგულისხმობ სამხედროების ხმებით მანიპულაციის შესაძლებლობას, ახლაც დარჩება,“- ამბობს მიხეილ ბენიძე.

აღსანიშნავია ის, რომ 2012 წლს საპარლამენტო არჩევნებზე დაახლოებით 70 სპეცუბანი იყო. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას – 34, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს – 20. შემცირება ძირითადად თავდაცვის სამინისტროს სპეცუბნების ხარჯზე მოხდა.

მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ამჟამნდელი ხელისუფლების დროს სპეცუბნების მკვეთრად შემცირებისკენ იყო ტედენცია და ეს სწორი მიდგომაა, მაგრამ ახლა არასამთავრობოები სპეცუბნის ტექნიკურად გაუქმებას კი არ ითხოვენ, არამედ მაჟორიტარებისთვის ხმის მიცემის წესის შეცვლას.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031