აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გაეროსა და იუნესკოს თხოვნით მიმართავს, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული  უნიკალური ძეგლების დაცვა-გადარჩენაში დაეხმარონ, ხოლო ძეგლების „სავალალო მდგომარეობას“ საქართველოს „გამანადგურებელ პოლიტიკას“ აბრალებენ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისი თანახმაა, იუნესკო ოკუპირებულ აფხაზეთში დაუშვას, ოღონდ იმ პირობით, რომ პროცესში ქართველი სპეციალისტებიც ჩაერთონ. მეტიც, თბილისი თანახმაა, ყველა ხარჯიც დაფაროს.

ბრალდებაზე, რომ ტაძრების სავალალო მდგომარეობა თურმე საქართველოს ბრალია, თბილისში აცხადებენ, რომ სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებას ძეგლების რესტავრირებაში დასახმარებლად არაერთხელ მიმართეს კიდეც, მაგრამ ყოველთვის უარს იღებდნენ.

რამდენიმე დღის წინ აფხაზურ და რუსულ ინტერნეტ გამოცემებში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც აფხაზეთში მოქმედი საქველმოქმედო მოძრაობა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ გაეროს და იუნესკოს მიმართავს, უნიკალური ქრისტიანული ძეგლების დაცვაში დაეხმარონ და რესტავრატორები გამოაგზავნონ.

„აქ რესტავრატორების დაუყოვნებლივი ჩარევაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დავკარგოთ მრავალსაუკუნოვანი ტაძრები და ფრესკები,“- ნათქვამია მიმართვაში.

ტექსტში აღნიშნულია, რომ „აფხაზეთი კავკასიაში ქრისტიანობის აკვანია, ხოლო მისი ტაძრები მთელი კაცობრიობის უნიკალური არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, რომლებიც „საქართველოს გამანადგურებელი პოლიტიკის შედეგად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა“.

ამ მიმართვაში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც კი მონაწილეობს, რომელიც ამბობს, რომ უნიკალური ფრესკები და ხუროთმოძღვრების ძეგლები ქართულმა არმიამ უმოწყალოდ დაბომბა და გაანადგურა 1992-1993 წლების ომის დროს.

ამ მიმართვის საპასუხოდ ქართული მხარე საოკუპაციო რეჟიმს აფხაზეთში არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების ერთობლივ მონიტორინგს სთავაზობს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, „აფხაზების ეს განცხადება უცნაურია და რეალობას აცდენილია, რადგან 24 წელია ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ შედის და ვისგან არის ძეგლები დასაცავი?!“

ანთიძის განცხადებით, საქართველოს თანხმობის გარეშე იუნესკოს სპეციალისტები კონფლიქტის ზონაში არ იმუშავებენ. აფხაზებს კი საქართველომ არაერთხელ მიმართა, საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით მომხდარიყო მონიტორინგის განხორციელება და ამაში ქართველი სპეციალისტებიც ჩართულიყვნენ, მაგრამ უარი მიიღეს. ამიტომაც ვარაუდობს, რომ აფხაზების მიმართვას რეალურად არაფერი მოჰყვება.

ის იხსენებს შემთხვევას, როდესაც იუნესკოს სპეციალისტები ჩავიდნენ სოხუმში და აფხაზებმა ისინი მოატყუეს.

„1997 წელს, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა თამარის ხიდზე არსებულ ქართული ასომთავრული  წარწერის წაშლის მცდელობაზე და საქართველოს მოთხოვნით იუნესკოს ექსპერტები ჩავიდნენ აფხაზეთში, მაშინ ქართველი ექსპერტები არ შეუშვეს და აფხაზებმა იუნესკოს ექსპერტებს სულ სხვა ხიდი აჩვენეს, რომელზეც წარწერა არ იყო,“- აცხადებს ანთიძე.

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება აქტიურად 2010 წლიდან დაიწყო. ძირითადად „რესტავრაციის“ სახელით ხდება უნიკალური ძეგლების სხვადასხვა მეთოდით დაზიანება და ამ ყველაფერზე ინფორმაცია თბილისს მხოლოდ ინტერნეტში გავრცელებულ ცნობებიდან აქვს.

აფხაზებმა ქართული კვალის წასაშლელად მე-6, მე-10 და მე-11 საუკუნის ტაძრები თეთრად გადაღებეს, წაშალეს ქართული ასომთავრული წარწერები, ფრესკები და ე.წ. რუსული გუმბათები დაადგეს. მაგალითად, ინტერნეტიდან ცნობილია, რომ ილორის ეკლესიის კედლები შეათეთრეს და რუსული გუმბათი დაადგეს. ბედიის ტაძარში წაშალეს ბაგრატ მესამის ფრესკა და ქართული ასომთავრული წარწერები. ბიჭვინთაში ტრაქტორით გაანადგურეს სამარხები და გალავნის ნაწილს პრობლემები შეუქმნეს. ასევე ძალიან გავრცელებულია შავი არქეოლოგია, რის გამოც მიწისქვეშა კულტურული მემკვიდრეობა იკარგება.