დრანდის ციხე სოხუმის მახლობლად.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია საყოველთაო ამნისტიის გამოცხადების თაობაზე, რომელიც, „აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმია“ მიძღვნილი. სოხუმის რეჟიმის შს სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთის სხვადასხვა ციხეებში სულ 389 პატიმარია და ამნისტია დაახლოებით 80 მჯავრდებულს ეხება, რაც პატიმრების 20%-ზე  მეტია.

მას შემდეგ, რაც აფხაზეთში სეპარატისტული ხელისუფლებაა, ამნისტია 7-ჯერ გამოცხადდა, თუმცა წლევანდელი ყველაზე მასშტაბურია. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სახელმწიფო სამართლის პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი აგრბა აცხადებს, ამნისტია ეფექტურია, რადგან გათავისუფლებულებში რეციდივის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მცირეა, არაუმეტეს 5%-ისა.

ამნისტია შეეხო შემდეგ კატეგორიებს: ყველას, ვისაც 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი; ასევე, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მისჯილი პირებიდან მათ, ვისაც 1992-1993 წლების ომში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული; 1-ლი და მე-2 ჯგუფის შშმ პირებს; ტუბერკულოზით დაავადებულ 1-ლი და მე-2  ჯგუფის პაციენტებს; ასევე მე-3 და მე-4 სტადიის ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს; პირებს, რომლებისთვისაც სს პასუხისმგებლობის პირველი შემთხვევა ჰქონდათ და ქალებს.

სასჯელის ვადის მიუხედავად პატიმრობიდან გათავისუფლდებიან: დაუდევრობით დანაშაულის ჩამდენი პირები; ქალები, რომლებსაც ჰყავთ შშმ ბავშვი; ასევე ფეხმძიმე ქალები; ქალები 55 წელს ზევით და კაცები 60 წელს ზევით; არასრულწლოვანები.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს შეწყდეს იმ სისხლის სამართლის საქმეების განხილვა, რომელზეც გამოძიება დაწყებულია, თუმცა გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში ჯერ არ შესულა, მსჯვარის დადების შემთხვევაში კი ამნისტია შეეხებოდა. ასევე შეწყდეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვაც, რაც წესით ჯარიმას ითვალისწინებდა.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სახელმწიფო სამართლის პოლიტიკის კომიტეტმა დაასახელა პატიმრების კატეგორია, რომელთაც ამნისტია არ შეეხებათ:

ხელმეორედ განზრახ დანაშაულის ჩამდენ პირს; ისეთი მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირს, როგორიცაა: მკვლელობა; გატაცება; განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიკვდილი; სექსუალური ძალადობისა და სქესობრივი ნიშნით თავისუფლების შეზღუდვისთვის მსჯავრდებულს; ორგანიზებულ ჯგუფის მიერ ქურდობისთვის მსჯავრდებულს; პირს, რომელიც მსჯავრდებულია ტერორიზმის, ძარცვის, მძევლად აყვანის, ნარკოტიკების ვაჭრობის, სახელმწიფო ღალატის, ჯაშუშობის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობის მცდელობის, ძალადობით ხელისუფლების ხელში ჩაგდების და ძალადობით შენარჩუნების, შეიარაღებული ამბოხის, დივერსიის, საბოტაჟის მუხლებით. ასევე მსჯავრდებულს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, როდესაც პირი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა და გამოიწვია ადამიანის სიკვდილი.

აგრბამ აღნიშნა, რომ რადგანაც ამნისტია ეძღვნება „დამოუკიდებლობის 25 წლისთავს“, ვეტერანები ითხოვენ, რომ ის შეეხოს ყველას, ვინც „სამამულო ომში“ იბრძოდა, გარდა იმ პირებისა, ვისაც მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი და ვეტერანებს დარჩენილი სასჯელი 5-დან 10-წლამდე შეუმცირდეთ.

როგორც ვალერი აგრბა აცხადებს, სასჯელს ომში მონაწილე 26 ადამიანი იხდის. მათგან ნახევარი ამნისტიით თავისუფლდება, დანარჩენი 13 მსჯავრდებული კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს და მათზე ამნისტია არ გავრცელდება.