სოხუმის რეჟიმი გალის ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციის ახალ გზებს ეძებს. ერთის მხრივ, სოხუმში სულაც არ სურთ, გალი მოსახლეობისგან დაიცალოს, რადგან ეს რაიონი მათთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მეორეს მხრივ კი არც ის უნდათ, რომ გალელებს, ცხოვრებისა და გადაადგილების გარდა, კიდევ რაიმე სამოქალაქო უფლება გააჩნდეთ.

ამ ამოცანის გადაჭრის ეფექტიან გზად სოხუმში ე.წ. ცხოვრების უფლების საბუთი ესახებათ, თუმცა ყველაზე ფართოდ რაიონში მაინც ე.წ. ფორმა #9 არის გავრცელებული.

2008 წლიდან დე ფაქტო რეჟიმმა აფხაზური პასპორტების გაცემა დაიწყო, რაც მალევე შეწყდა, დღეისთვის კი აფხაზეთში მოსახვედრა ხუთი სახის საბუთით შეიძლება. კერძოდ, ესენია ე.წ. ვიზა, საბჭოთადროინდელი პასპორტი, აფხაზური პასპორტი, ფორმა #9 და ცხოვრების ნებართვა (გალში ამას ყველა რუსულად „ვიდ ნა ჟიტელსტვას“ უწოდებს). ყველა ამ საბუთის აღება პრობლემურია და გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისთვის ე.წ. საზღვრის გადაკვეთა დღითიდღე ძნელდება.

თითოეული მათგანის მიღება გარკვეულ ხარჯთან და განუსაზღვრელ დროსთანაა დაკავშირებული.

„ვიზით“ სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვისაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვედრა სურს, ამისთვის კი მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტის არსებობა და თანხის გადახდაა საჭირო. „ვიზა“ 10-, 20- და 30-დღიანი ვადით გაიცემა. 10-დღიანი ვიზის აღება სოხუმში 750 რუსული რუბლი ღირს (33 ლარი), გალში კი 1 800 (80 ლარი). 20- და 30-დღიანი ვიზა სოხუმში 1 400 რუსული რუბლი ჯდება (62 ლარი), გალში კი 2 500 (112 ლარი). „ვიზის“ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია შესაბამისი თანხის გადახდით.

აფხაზური “ვიზა” (DFWatch).

„ე.წ. ვიზით თითქმის ყოველ ზაფხულს ვსარგებლობთ, თუმცა მისი აღება არც ისე მარტივია. სტანდარტულად ვიზის მიღების დრო 10 სამუშაო დღეა, თუმცა ეს ვადა ხშირად მთელი თვით, ზოგჯერ ორი თვითაც იწელება, ამასობაში კი ზაფხული მთავრდება და ყოფილა შემთხვევა, როცა ფული გადაგვიხდია, სტუმარი კი ვერ მოგვიყვანია, რადგან ზაფხული დამთავრებულა. ხშირად ისეც ხდება, რომ საერთოდ წყდება გაცემა, ან კიდევ ვიზა გაუციათ, მაგრამ რუს მესაზღვრეებს „საზღვარზე“ არ გამოუტარებიათ. მოკლედ რომ ვთქვათ, აქ ყველაფერი გამართლებაზეა. თუ ცოტა ფულს აჩუქებ, შეიძლება დროზე ადრეც გაგიკეთონ,“ – აცხადებს გალის რაიონის მკვიდრი, 50 წლის მასწავლებელი.

საბჭოთა პასპორტისა და აფხაზური პასპორტის მქონეთათვის გადაადგილება შეზღუდული არ არის, თუმცა რამდენ ხანს იქნება მათი საბუთი ვარგისიანი, ინფორმაცია არ აქვთ.

საბჭოთა „წითელი“ პასპორტის მქონენი არც ისე ბევრნი არიან, აფხაზური პასპორტი კი მხოლოდ ისეთებს აქვთ, ვინც მალევე გააკეთა განაცხადი. თავის დროზე აღნიშნული საბუთი მოსახლეობას 3 000-დან 15 000 რუსულ რუბლამდე დაუჯდა (134-670 ლარი), თუმცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მისი აღება, თანხის გადახდის მიუხედავად, ვერ შეძლო.

„აფხაზური პასპორტის ასაღებად გალის ადმინისტრაციაში სამჯერ მომიწია მისვლა. თითქმის ყველა საბუთი მზად მქონდა და შესაბამისი თანხაც მქონდა გადახდილი. პრობლემა შემექმნა, რადგან დაბადების მოწმობაზე პირდაპირ ნომერი იყო მიწერილი, რამაც ადმინისტრაციის აფხაზი თანამშრომელი გააღიზიანა და საბუთი სახეზე ამაფარა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მითხრა, რომ თუ ქართული პირადობა მაქვს, აფხაზეთის პასპორტზე არც უნდა ვიოცნებო. მოგეხსენებათ, აფხაზური პასპორტის მისაღებად სპეციალურ ბლანკს ავსებდი, სადაც ბოლოში მითითებული იყო, რომ უარს ამბობდი საქართველოს მოქალაქეობაზე. ამ სიტყვების შემდეგ ავდექი და უკანმოუხედავად წამოვედი, თუმცა დედაჩემი არ დანებდა, მითხრა, რომ თუ არ ავიღებდი, საერთოდ არ შემიშვებდნენ „საზღვარზე“, ამიტომ დამატებით თანხა გადაიხადა და საბუთები მაინც ჩააბარა, თუმცა მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და პასპორტი დღემდე არ მაქვს. ახლა ე.წ. ვიზით ვსარგებლობ,“ – გვითხრა სტუდენტმა გალის რაიონის სოფელ თაგილონიდან, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს.

ფორმა 9-ც ვიზის მსგავსად სხვადასხვა ვადით გაიცემა და შესაბამისი თანხა ჯდება. ვადები ერთი კვირიდან იწყება და 6 თვემდე გრძელდება. ყოველი თვის ღირებულება კი 1000 რუსული რუბლია (45 ლარი).

როგორც გალელები ამბობენ, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ახლა ამ საბუთით სარგებლობს, რადგან მის მისაღებად ყველაზე ნაკლები დროა საჭირო. ვისაც არცერთი სხვა საბუთი არ აქვს, ყოველთვიურად 1000 რუსული რუბლის გადახდა უწევს საბუთის ვადის გასაგრძელებლად. ამჟამად მას მხოლოდ ერთი თვის ვადით გასცემენ, ადრე კი სამწლიანებიც იყო. ეჭვობენ, რომ ამის მიზეზი რეჟიმის მიერ მეტი სარგებლის ნახვის სურვილი იყოს; თანაც იმაზე ფიქრობენ, რა სახის რეგულაციები შემოიღონ ისე, რომ მოსახლეობა ადგილზე დარჩეს, თანაც ისე, რომ ცხოვრების გარდა სხვა არავითარი უფლება არ ჰქონდეს.

ცხოვრების ნებართვა (DFWatch).

როგორც ჩანს, ამ ამოცანის გადაჭრას სოხუმის რეჟიმი ე.წ. „ვიდნა ჟიტელსტვათი“, ანუ საცხოვრებელი ნებართვით ცდილობს, რომელიც სეპარატისტების ბიუროკრატიის ერთგვარი „ნოუ ჰაუა“, თუმცა მისი აღებაც პრობლემებთან არის დაკავშირებული.

„ამ საბუთის აღება 600 ლარამდე დამიჯდა, რადგან უამრავ დოკუმენტს ითხოვენ. უნდა გქონდეს იქაური დაბადების მოწმობა, გამგებლის ცნობა, გადასახადების ქვითრები… სამთვიანი ლოდინის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაბადების მოწმობაში რაღაც ხარვეზი იყო და ყველაფრის გაკეთება თავიდან დამჭირდა. ბოლოს, როგორც იქნა, ავიღე, თუმცა ამ საბუთით აქ არაფრის უფლება არ გაქვს, მხოლოდ „საზღვრის“ გადაკვეთის, ისიც გარკვეული შეზღუდვებით, 6 თვე უნდა იცხოვრო აქ და მერე შეგიძლია გადასვლა, თუმცა მე მალევე წამოვედი და არ ვიცი, შემიქმნიან თუ არა პრობლემას. ვერ იყიდი სახლს, ვერ გაიფორმებ მანქანას, ნაკვეთს, ვერ მიიღებ არჩევნებში მონაწილეობას, მოკლედ, აბსოლუტურად უუფლებო ხარ, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მთავარი მაინც გადაადგილებაა, რათა საერთოდ არ მოგვიწიოს სახლების მიტოვება. ამიტომ ავიღე ეს საბუთი და სხვებიც ცდილობენ,“ – აცხადებს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მკვიდრი ახალგაზრდა კაცი.

ეს არის ჩამონათვალი იმ საბუთებისა, რომელიც ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვედრისა და გადაადგილების საშუალებას იძლევა, თუმცა მიუხედავად დიდი ხნის ლოდინისა, წვალებისა და შესაბამისი ხარჯისა, შესაძლოა ნებისმიერმა მათგანმა, ნებისმიერ დროს დაკარგოს ძალა.

აღსანიშნავია, რომ ეს საბუთები არ იძლევა სოხუმის რეჟიმის მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის და ქონების შეძენის უფლებას. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვას“ შემოღების მიზანიც სწორედ ეს იყო – შექმნილიყო ისეთი სახის საბუთი, რომელიც გალში მცხოვრებ ქართველებს, გარდა გადაადგილებისა, ყველა სხვა უფლებას შეუზღუდავდა.