სოფელ მერხეულში, რომელიც სოხუმიდან 22 კილომეტრში მდებარეობს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების მემორიალზე ქართული წარწერა დღემდეა შემორჩენილი. “გმირნო მამულის მადიდნო უკვდავებაა სახელი თქვენი” – წერია აფხაზურად და ქართულად მემორიალის ერთ-ერთ ქვაზე, რომელიც მერხეულის სომხური სკოლის ეზოში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ აფხაზურმა მხარემ 2008 წლის ომის შემდეგ ქართულ წარწერებს ომი გამოუცხადა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე თითქმის ყველა ასეთი ტექსტი განადგურებულია. სწორედ ამიტომ გახდა ამ წარწერის სრულიად შემთხვევით აღმოჩენა მოულოდნელი DFWatch-ის კორესპონდენტისთვის.

სოფელი მერხეული სოხუმისა და კოდორის ხეობის დამაკავშირებელ ე.წ. “აფხაზეთის სამხედრო გზაზე” მდებარეობს. სწორედ ამ სოფელში დაიბადა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ლავრენტი ბერია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის 1930-იანების რეპრესიებში.

სოხუმის რეჟიმის მიერ ჩატარებული 2011 წლის აღწერით სოფლის მოსახლეობა 839 ადამიანს შეადგენს, რომელთა 76,3% ეთნიკური სომეხია, 9,4% ქართველი, 8,6% აფხაზი და 4,4% რუსი. 1926 წლის აღწერით, მოსახლეობის რიცხოვნობა 3 800-ს აჭარბებდა და ქართველები თითქმის ნახევარს შეადგენდნენ. ომამდე მაცხოვრებლების რაოდენობა დაახლოებით 4 000 იყო. მიუხედავად იმისა, რომ 1989 წლის საბჭოთა აღწერა ეთნიკურ შემადგენლობაზე ცნობებს არ იძლევა, მოსახლეობის დიდ უმრავლესობას მაშინ ქართველები წარმოადგენდნენ.