სექტემბრიდან თბილისში ახალი გერმანული, ლურჯი ფერის ავტობუსები ივლის. შესაბამის busხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ გერმანულ კომპანია Man Truck and Bus AG-სთან ხელი სამშაბათს მოეწერა.  შედეგად, 7 თვის განმავლობაში თბილისის ავტობუსების პარკი  143  ავტობუსით ეტაპობრივად განახლდება. როგორც DFWatch-ს თბილისის მერიაში უთხრეს, ახალ ავტობუსებში მგზავრობის საფასური არ შეიცვლება და იგივე იქნება, რაც ძველი, ყვითელი ავტობუსებით მგზავრობისას.

რაც შეეხება ავტობუსების მარშრუტებს, მერიაში გვითხრეს, რომ ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პირველი ავტობუსები შემოვა თბილისში.

უწყების ცნობით, ავტობუსები  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის იქნება ადაპტირებული. ამასთან, ბუნებრივ აირზე (CNG საწვავზე) მომუშავე ძრავებით იქნება  აღჭურვილი, რაც დიზელთან შედარებით  უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს, შემცირებულია ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.

ახალ, 12-მეტრიან ავტობუსში 85 მგზავრი ეტევა. აქედან დასაჯდომია 30  ადგილი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში DFWatch-ს უთხრეს, რომ დედაქალაქში დღეს სულ 672 ავტობუსი მოძრაობს. აქედან 524 პატარა და 148 დიდი ავტობუსი.

მათივე ცნობით, პატარა, 7.43-მეტრიან ავტობუსებში ადამიანთა ტევადობა 43-ია, აქედან დასაჯდომია 21-22 ადგილი. ხოლო დიდ, 9.82-მეტრიან ავტობუსებში ტევადობა 80-ია, დასაჯდომი ადგილების რაოდენობა კი 31.

მერიაში  ამბობენ, რომ ავტობუსების განახლების პროცესი გაგრძელდება, რადგან ავტობუსების პარკის განახლების 4 წლიანი გეგმა არსებობს, რომლის თანახმადაც,  ძველი, ყვითელი ავტობუსები მთლიანად ახლით უნდა შეიცვალოს.