ამბები

სექსუალური შევიწროვება შეიძლება, კანონით დასჯადი გახდეს

by | May 15, 2016
tamar_khidasheli

ხიდაშელი: ამ კანონპროექტის (შექმნის) მიზეზი სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში გახდა (ipn.ge)

სექსუალური შევიწროვება, რომლის ბრალდებითაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შს სამინისტროში 50-მდე, სახალხო დამცველის აპარატში კი ორი განცხადებაა შესული, შესაძლოა, დასჯადი გახდეს.

კერძოდ,  ცვლილებების პროექტის თანახმად, შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას, ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით. მსგავსი ქმედების განმეორება ერთი წლის განმავლობაში – 1000 ლარით დაჯარიმდება.

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები თამარ ხიდაშელი და თამარ კორძაია არიან. ცვლილებები, თუ პარლამენტმა მოიწონა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, რომლის თანახმადაც, სექსუალური შევიწროვება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცხადდება როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (ქუჩაში, ტრანსპორტში და ა.შ.), ისე შრომითი ურთიერთობისას (სამსახურში).

მეტიც, სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირის მიმართ სექსუალური შევიწროვების შემთხვევაში,  პასუხისმგებლობა უფრო მძიმდება და ამ შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა 2000 ლარი იქნება, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 2500 ლარი.

როგორც ხიდაშელმა DFWatch-თან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი მიზეზი, გასულ თვეს, ტელეკომპანია „იმედში“ სექსუალური შევიწროების გახმაურებული სავარაუდო (დაუდასტურებელი)  შემთხვევაც გახდა, როდესაც მსახიობმა თათია სამხარაძემ „იმედის“ პოლიტიკური გადაცემის წამყვანსა და პროდიუსერს, შალვა რამიშვილს სწორედ ასეთი ბრალდება წაუყენა.

„ამ კანონპროექტის (შექმნის) მიზეზი  სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში გახდა, რომლის თანახმადაც, დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროება  უფლებადარღვევის ყველაზე უფრო გავრცელებულ და ამავე დროს დაფარულ ფორმას წარმოადგენს. გარდა ამისა, საქართველოს ხელმოწერილი აქვს სტამბულის კონვენცია ქალთა მიმართ  ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის შესახებ, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს  რაღაც ტიპის ზომები მიიღოს –  სს ან ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახადოს სექსუალური შევიწროვება. ჩვენ რა თქმა უნდა დეტალებში არ შევდივართ და არაფრის მტკიცებას არ დავიწყებთ, თუმცა „იმედში“  მომხდარი ინციდენტი,  ასევე ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც  ჩავთვალეთ, რომ აუცილებელი იყო საკანონმდებლო დონეზე ამ თემის რეგულირება,“ – აღნიშნა ხიდაშელმა.

დეპუტატის თქმით, კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციებს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტისგან იღებდნენ, რომელთა ინფორმაციითაც, უშუალოდ სახალხო დამცველს სექსუალური შევიწროვების შესახებ საჩივრით ორმა ადამიანმა მიმართა. გარდა ამისა, მათივე ცნობით, ბოლო, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში, პოლიციაშიც იყო 50-მდე ასეთი განცხადება  შესული.

რაც შეეხება, განმარტებას თუ როგორი ქცევა შეიძლება ჩაითვალოს სექსუალურ შევიწროვებად,  ხიდაშელი ამბობს, რომ ამ ტიპის დეტალური განმარტებები საკანონმდებლო დონეზე მიზანშეწონილი არ არის და ამას თვითონ პირი გადაწყვეტს, იქნება რაიმე სექსუალური ხასიათის ქცევა ან ტერმინი მისთვის არასასურველი და ღირსების შემლახავი თუ არა.

იმ შემთხვევაში თუ პირი ჩათვლის, რომ მის მიმართ სექსუალური შევიწროვება განხორციელდა, შს სამინისტროს უნდა მიმართოს, რის შემდეგაც საქმე  სასამართლოში გადაიგზავნება და ის დაადგენს, მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი ასეთ ფაქტს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირის განცხადება სექსუალურ შევიწროვებაზე  უნდა  დადასტურდეს, იქნება ეს მოწმეთა ჩვენების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე დამონტაჟებული ვიდეო კამერის ამონაწერის თუ სხვა საშუალების საფუძველზე.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930