ამბები

საქართველო ამერიკასთან პირდაპირი საჰაერო კავშირის შესაძლებლობას განიხილავს

by | May 17, 2016

hualingჩინურ „ჰუალინგ ჯგუფს” საქართველოში ახალი ავიაკომპანია შემოჰყავს, რომელმაც რეისები უნდა განახორციელოს „ევროპისა და აზიის მიმართულებით… ხოლო შემდგომში განვიხილავთ აშშ-ის მიმართულებით რეისების დანიშვნის შესაძლებლობას“,  ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინური კორპორაციის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, 9 მაისს განაცხადა.

ქუმსიშვილის ცნობით, ავიაკომპანია საქართველოში უკვე დარეგისტრირდა. კომპანია რეისების შესრულებას  „ბოინგ 737“ ტიპის ორი ბორტის (თვითმფრინავის) მეშვეობით გეგმავს, რომელსაც მოგვიანებით „ბოინგ 777“ ტიპის თვითმფრინავიც დაემატება. პირველი მცირე და საშუალო მანძილზე ფრენისთვისაა განკუთვნილი, მეორე კი დიდი – 17,000 კმ-მდე –  დისტანციისთვის.

DFWatch შეეცადა ეკონომიკის სამინისტროში დამატებითი დეტალები გაერკვია ამ ავიაკომპანიის ან იმის შესახებ თუ  როდიდან ან რომელი აეროპორტიდან განხორციელდება ეს რეისები – თუმცა, უწყებაში გვითხრეს, რომ ახლა ტექნიკური სამუშაო მიდის და მის დასრულებამდე დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჰუალინგ ჯგუფს” შემოჰყავს ახალი ავიაკომპანია, რომელიც უკვე დარეგისტრირდა საქართველოში. მისი ბაზა საქართველოში იქნება, ეყოლება ადგილობრივი თანამშრომლები და საქართველოდან შეასრულებს რეგულარულ რეისებს როგორც აზიის, ისე ევროპის ქვეყნების მიმართულებით.  სამომავლოდ, აზიისა და ევროპის მიმართულებით რეისებს, აშშ-ში პირდაპირი ფრენებიც დაემატება “, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

თბილისის აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი DFWatch-ს უთხრეს, რომ ამ ავიაკომპანიის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა აღნიშნეს, რომ თბილისის აეროპორტი ყველა ტიპის, მოდელის თვითმფრინავის მისაღებად მზად არის.

პრემიერისა და  კორპორაციის პრეზიდენტის შეხვედრა  9 მაისს გაიმართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ „ჰუალინგი“ საქართველოში კიდევ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. როგორც  „ჰუალინგის” რეგიონული დირექტორის მოადგილე ვაანი ჰინფუმ აღნიშნა,  კომპანია გეგმავს მონაწილეობას ბუნებრივი გაზსაცავის მშენებლობაში, ასევე ჩაისა და ტურიზმის ბიზნესში.

შეგახსენებთ, რომ „ჰუალინგ ჯგუფი“ საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. როგორც ეკონომიკის სამინისტროში DFWatch-ს უთხრეს, ჩინური კორპორაციის ინვესტიციებზე ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან, რადგან ამ კომპანიისგან ნებართვა არ აქვთ.

თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჰუალინგ ჯგუფი საქართველოში კაპიტალდაბანდებას 2007 წლიდან ახორციელებს. ჯგუფის ინვესტიციები 2015 წლის მონაცემებით,  საქართველოში 500 მილიონ დოლარს აჭარბებს. ყველაზე მსხვილი მოცულობის კი „ბაზის ბანკის“, ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და თბილისის ზღვის კომპლექსის პროექტებია.

 

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930