ამბები

საქართველოში ყველას შეეძლება 50 ლარად მანქანის რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმება

by | Aug 19, 2016
dabindzureba

გარემოს დაცვის სამინისტრო

მძღოლებს,  სურვილის შემთხვევაში, საკუთარი ავტომანქანის რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმება შეუძლიათ. ეს მომსახურება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში ოთხშაბათიდან, 17 აგვისტოდან დაინერგა და, ძირითადად, იაპონიიდან შემოყვანილ ავტომანქანებს ეხება.

კერძოდ, როგორც DFWatch-ს სააგენტოს ხელმძღვანელმა ვასილ გედევანიშვილმა უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ  მანქანები საზღვარზე მოწმდება, ახლა უკვე სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ პირს შეეძლება სააგენტოს მიმართოს და საკუთარი ავტომანქანა ხელახლა, მისი თანდასწრებით შეამოწმოს.

აღნიშნული მომსახურება ფასიანია და 50 ლარი ღირს. რაც შეეხება პროცედურას, პირმა, ვისაც მანქანის შემოწმება სურს, სააგენტოს განცხადებით უნდა მიმართოს და დაახლოებით 15-20 წუთიანი პროცედურის  შემდეგ სააგენტოდან უკვე შემოწმებული ავტომანქანის წაყვანა შეეძლება.

გედევანიშვილი ამბობს, რომ 2011 წელს ატომურ ელექტროსადგურ ფუკუსიმა 1-ზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, იაპონიიდან საქართველოში შემოყვანილი ავტომანქანების  რადიაციული დაბინძურების 40-50 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს კი იმან გამოიწვია, რომ აფეთქების შემდეგ იაპონიაში რადიაციული დაბინძურების დასაშვები ნორმა ცოტა აწიეს, ვიდრე ეს არაავარიულ ვითარებაში იყო ხოლმე.

მისივე თქმით, გამოვლენილი დაბინძურება ძალიან უმნიშვნელო იყო. ყველა შემთხვევაში მოხდა ავტომობილების გაწმენდა. ამ 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა დაბინძურება შედარებით სერიოზული იყო და გაწმენდას არ დაექვემდებარა, ამიტომ ის მანქანა ახლაც პორტშია გაჩერებული.

„საკმაოდ ხშირი იყო იმ მოქალაქეთა ზარები, წერილები, რომლებიც რადიაციულ დაბინძურებაზე ავტომანქანების შემოწმებას ითხოვდნენ. მართალია მათ ვუხსნიდით, რომ საზღვარზე ყველა ავტომანქანა მოწმდება და რაიმე რისკი არ არსებობს, თუმცა მოთხოვნის გამო ამ სერვისის დანერგვა მაინც  საჭიროდ ჩავთვალეთ.

„რაც შეეხება თავად შემოწმების პროცედურას, ის ყველა სტანდარტის დაცვით ხორციელდება – მაქსიმალურად უსაფრთხოა როგორც შემმოწმებელი, ისე სხვა იქ მყოფი პირებისთვის,“ – ამბობს გედევანიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს რამდენიმე ავტომანქანა უკვე შემოწმდა, თუმცა რადიაცული დაბინძურების ფაქტი არ გამოვლენილა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო 2015 წლის შემოდგომაზე შეიქმნა, რომელიც ამ სფეროს მარეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930