ბავშვთა ჰოსპისის პროექტის  განხორციელებისთვის  მემორანდუმი  გაფორმდა.

ბავშვთა ჰოსპისის პროექტის განხორციელებისთვის მემორანდუმი გაფორმდა.

2016 წლის ბოლოს საქართველოში ბავშვთა ჰოსპისის გახსნა იგეგმება.  ფოსპისი თბილისში, ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

პროექტი  ფონდ „ღია საზოგადოება  – საქართველოს“,  სამედიცინო კორპორაცია „ევექსის” და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მონაწილეობით  განხორციელდება.

დღეს მათ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც  ხელი  ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს”,   “ბავშვთა ჰოსპისისა” და “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” ხელმძღვანელებმა მოაწერეს.

ეს იქნება პირველი დაწესებულება, სადაც პალიატიურ მზრუნველობას გაუწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს.

ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მომსახურება უფასო იქნება.

ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის; დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე დაყოვნდებიან საჭირო მომსახურების მისაღებად; შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს.

ბაშვთა ფოსპისის მაკეტი, რომელიც საქართველოში 2016 წლის ბოლომდე გაიხსნება

ბაშვთა ფოსპისის მაკეტი, რომელიც საქართველოში 2016 წლის ბოლომდე გაიხსნება

ამ საქველმოქმედო პროექტის განხორციელებისთვის პირველი მნიშვნელოვანი შენატანი საქართველოს პრეზიდენტმა და “სამედიცინო კორპორაცია ევექსმა” განახორციელეს. მშენებლობა ივლისში დაიწყება.

როგორც ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა  განაცხადა,  ბავშვთა ჰოსპისის აშენების იდეა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა, რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შესწავლა.

როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18-წლამდე 839 ბავშვს ესაჭიროება.

აპრილში, “ბავშვთა ჰოსპისის” პროექტის ჯგუფმა ჰოლანდიის საუკეთესო ბავშვთა ჰოსპიები მოინახულა. საქართველოს ჰოსპისი საერთაშორისო ჰოსპისების სტანდარტების შესაბამისი იქნება.

ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს განუკურნებული და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. პალიატიური მზრუნველობა მოიცავს, როგორც დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას, ასევე ბავშვისა და ოჯახისთვის ფსიქოლოგიური და სულიერი მხარდაჭერის გაწევას. პალიატიური მზრუნველობის საჭიროება მაშინ დგება, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ დაავადებებთან, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება. ბავშვებში, ასეთი დაავადებებია კიბოს ბოლო სტადია, დიაბეტი, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები, ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმები. მოზრდილებისგან განსხვავებით, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებს სხვა ტიპის მიდგომა სჭირდებათ.