ამბები

    საქართველოს ციხეებში ტერორიზმით ბრალდებით 11 ადამიანი იხდის სასჯელს, ერთი განაჩენს ელოდება

    by | Aug 11, 2016

    Prison_No_8_Gldaniტერორიზმის ბრალდებით 2015 წლის ნოემბერში დააკავებული პანკისელი დავით ბორჩაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშაბათს დამნაშავედ ცნო სს კოდექსის 327-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
    მთავარი პროკურატურის ცნობით, დავით ბორჩაშვილი გაწევრიანებული იყო სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია “ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოში”. იგი ტერორისტულ ორგანიზაციას სირიაში შეუერთდა და მისი სახელით საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას.
    როგორც DFWatch-ს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში უთხრეს, პენიტენციურ დაწესებულებებში ტერორიზმის ბრალდებით სულ 12 პირი იმყოფება – 11 მსაჯვრდებული და 1 ბრალდებული. თუმცა უწყებაში ვერ აკონკრეტებენ თუ რამდენია აქედან პანკისელი.
    შეგახსენებთ, რომ დავით ბორჩაშვილი 30 წლისაა. ის პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრია და 2015 წლის 22 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
    ბორჩაშვილი სტამბულიდან თბილისში21 ნოემბერს, დედასთან ერთად ჩამოფრინდა. მაგრამ, საზღვრის გადმოკვეთა მხოლოდ დედამ, მედეა ბორჩაშვილმა შეძლო. დავით ბორჩაშვილი კი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, საქართველოში არ შემოუშვეს და უკან გააბრუნეს.

    ამის მიზეზად შსს-მ მაშინ ის დაასახელა, რომ ბორჩაშვილს დოკუმენტები წესრიგში არ ჰქონდა.
    ხოლო 22 ნოემბერს, დილის ხუთ საათზე, როცა დავით ბორჩაშვილი ხელმეორედ ჩამოფრინდა სტამბულიდან თბილისში, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა იგი აეროპორტშივე დააკავეს და ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დავით ბორჩაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) მებრძოლი იყო და უშუალოდ ემორჩილებოდა, „ხალიფატის“ გავლენიან საველე მეთაურს, ასევე პანკისის ხეობის მკვიდრს, თარხან ბათირაშვილს, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანის, რომელიც 2016 წლის ივლისში დაიღუპა.
    youtube-ზე ვიდეოკადრებიც გავრცელდა, სადაც შეიარაღებული დავით ბორჩაშვილი სირიის ან ერაყის ტერიტორიაზე სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფება.
    თავად ბორჩაშვილი ბრალდებას უარყოფს. მისი ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის ცნობით, ის „სირიის თავისუფალ არმიასთან“ (FSA), ანუ ე.წ. ზომიერ ოპოზიციასთან, იყო დაკავშირებული, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს და ის ებრძვის როგორც ბაშარ ასადის მთავრობას, ასევე „ისლამურ სახელმწიფოსაც“.
    ბორჩაშვილების ოჯახი კი მისი დაკავებისას ამტკიცებდა, რომ იგი თურქეთში სამუშაოდ იყო წასული, მშენებლობაზე საწარმოო ტრავმა მიიღო და ბოლო 6 თვე, სამხრეთ თურქეთში, ქალაქ კონიას ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა.

    შემდეგ, სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო, თურქეთის სახელმწიფომ მისი დეპორტირება მოახდინა.
    ცნობისთვის, 2015 წლის არაოფიციალური მონაცემებით, სირიაში საბრძოლველად საქართველოდან, სულ მცირე, 30 ადამიანი იყო წასული. თუმცა იმის გამო, რომ საზღვარს ისინი სხვა საბაბით კვეთენ, დაზუსტებული ოფიციალური მონაცემები საქართველოდან სირიაში წასულ მებრძოლთა რაოდენობის შესახებ არ არსებობს.
    “ამერიკის ხმის” მონაცემებით, სირიის ომის დაწყებიდან დაღუპული ქართველების რიცხვი კი უკვე 22-ს შეადგენს. აქედან 19 პანკისის ხეობის მკვიდრი ქისტია, სამი კი გურიის, აჭარისა და კახეთის მუსლიმი თემის.



    ads
    ads
    ads

    No Comments, Leave a comment

    You must be logged in to post a comment.

    ძიება თარიღის მიხედვით

    September 2016
    M T W T F S S
    « Aug    
     1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    2627282930