censusსაქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3,714 მილიონზე ცოტა მეტია. ეს მაჩვენებლი 2002 წლის აღწერის შედეგთან  შედარებით 15%-ით ნაკლებია. მოსახლეობის 52,3%-ს ქალები შეადგენენ, 47,7%-ს მამაკაცები. თბილისის მოსახლეობა გაზრდილია 2,5%-ით და 1,1 მილიონს შეადგენს.

ეს არის 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგი, რომლის პრეზენტაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ  ხუთშაბათს  პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის რაოდენობა და ამომრჩეველთა რიცხვი ლამის ერთმანეთს გაუტოლდა, რადგანაც ბოლო 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 3,43 მილიონი.

საბოლოო შედეგების მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა, წინა 2002 წლის აღწერასთან შედარებით ( 4,372 მილიონი ) 15%-ით ნაკლებია.

აქედან 1,773 მილიონი კაცია და 1,941 მლნ. ქალი.

აღწერის მონაცემებით, 0-14 წლამდე მოსახლეობა 18.6%-ია , 15-64 წლის – 67.1% და 65 წელს ზემოთ – 14.3%;

ქალაქის მოსახლეობის რიცხვია 2,123 მილიონი, ხოლო სოფლისა – 1,591 მლნ.

დაკლებულია როგორც სოფლის (-23,7%), ასევე ქალაქის  მოსახლეობა (-7,1%).

2002 წელთან შედარებით მოსახლეობა ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა (-37,4%) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (-29%) რეგიონებში შემცირდა, ყველაზე ნაკლებად, 10,6%-ით,  აჭარაში.

ეთნიკური ნიშნით მოსახლეობის პროცენტული განაწილება ასეთია: 87% ქართველი, 6% აზერბაიჯანელი, 5% სომეხი, 1% რუსი,  0.4% ოსი, <1% სხვა.

მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა ასეთია: 83% მართლმადიდებელი ქრისტიანი, 11% მუსლიმი, 3% სომხური-სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი, 1% კათოლიკე, 0.5% არც ერთი, 1% – სხვა.