screenდედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე საბერძნეთში დააკავეს. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისში მისი ექსტრადირების პროცედურა უკვე დაწყებულია, თუმცა როდის ან საერთოდ თუ მოხდება ბრალდებულის ჩამოყვანა, ჯერ ცნობილი არ არის. 

„დაწყებულია ექსტრადირების პროცედურა და ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით. ვერც იმას, არის თუ არა შანსი, ეს ვერ მოხერხდეს,“- განუცხადეს DFWatch-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში.

ამ დროისთვის ყუფარაძე საბერძნეთის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გიორგი ყუფარაძე 2014 წელს ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაშია ბრალდებული. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 აპრილს  პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

მკვლელობაში მეორე ბრალდებული ვასილ გოშაძე კი პატიმრობაში იმყოფება. ორივე მათგანს 109-ე მუხლით, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. გამოძიების თანახმად, 2014 წლის 17 დეკემბერს, თბილისის ზღვის დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 48 წლის ნატო კვეზერელის ცხედარი იპოვეს, ხოლო მისი შვილი – 28 წლის გურამ კვეზერელი გაუჩინარდა.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა საპროცესო გარიგების შედეგად გაიხსნა – გასული წლის დეკემბერში ნარკოტიკების რეალიზაციისათვის დაკავებულმა ვასილ გოშაძემ, სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ, სამართალდამცველებს თაროზე შემოდებულ საქმეზე აღიარებითი ჩვენება მისცა. შედეგად, 20 აპრილს კოჯორში ერთ-ერთი სახლის ეზოში კასრში ჩამარხული გურამ კვეზერელის ცხედარიც იპოვეს.

სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ 2-მა პირმა კვეზერელების კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით, დედა-შვილის მკვლელობა დაგეგმა. მათ  კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე, მოტყუებით მიიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა. დამნაშავეებმა გარდაცვლილის ცხედარი ჩადეს კასრში, დაასხეს სპეციალური მჟავა და აგარაკის ეზოში ჩამარხეს. შემდეგ კი აღნიშნული პირები მივიდნენ თბილისის ზღვის დასახლებაში მსხვერპლის დედის, ნატო კვეზერელის სახლში და ისიც მოკლეს. დამნაშავეებმა სახლიდან გაიტაცეს 12 000 აშშ დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული 2 ცეცხლსასროლი იარაღი, პორტატიული კომპიუტერი, პირადი ნივთები  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ეჭვმიტანილებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.