“სასწრაფო დახმარება დროულად რომ მოსულიყო, ჩემი შვილი გადარჩებოდა”, – ამბობს ფაიგა ალიევა. მისი შვილი, სეიმური ავარიაში დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, რომელიც მარნეულის რაიონის სოფელ ქირაჩმუღანლოში 2 თვის წინ მოხდა, სასწრაფო დახმარების მანქანა მყისიერად გამოიძახეს. ფაიგა ალიევას თქმით, სასწრაფო შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან საათნახევარში მივიდა. დაშავებული ჯერ მარნეულში, “ავერსის კლინიკაში” გადაიყვანეს, იქედან კი თბილისში და ამასობაში 25 წლის სეიმურ ალიევის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. “სეიმური თბილისის საავადმყოფოში დაიღუპა. დარწმუნებული ვარ, სამედიცინო დახმარება დროულად რომ გაეწიათ, დღეს ის ცოცხალი იქნებოდა,” – ამბობს ფაიგა.

ვიდადი ასკეროვი.

მარნეულის რაიონის სოფელ ოფრეთში მცხოვრები ვიდადი ასკეროვი ფიქრობს, რომ მისი დედის, ზამირა ასკეროვას სიკვდილის მიზეზიც სასწრაფოს დაგვიანება გახდა: “წნევა ჰქონდა მაღალი. ჯერ იყო და სასწრაფო დახმარებაში ძლივს დავრეკეთ, ხაზი იყო დაკავებული. ბრიგადა გამოძახებიდან 3 საათის შემდეგ მოვიდა. გაუკეთეს ნემსი და წავიდნენ. გვითხრეს, რომ საავადმყოფოში ვერ გადაიყვანდნენ, რადგან შეიძლებოდა გზაში დაღუპულიყო. დედაჩემი 85 წლის იყო, მაგრამ ძალიან აქტიური ქალი იყო. სასწრაფო დახმარების მანქანა დროულად რომ მოსულიყო, ან სოფელში ყოფილიყო ექიმი, რომელიც მალევე გასინჯავდა და დანიშნულებასაც მისცემდა, გადარჩებოდა.”

8 წლის აიშა ალაჰვერდიევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში ცხოვრობს. მისი პაპა, საბირ ალაჰვერდიევი ამბობს, რომ აიშას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხშირად სჭირდება ექიმის დახმარება: “სასწრაფოს არ ვიძახებთ-ხოლმე, ვიცით, რომ დროულად მაინც ვერ მოვა. იძულებული ვარ, მანქანით ისევ მე წავიყვანო საავადმყოფოში, რაც ადვილი არ არის. სოფელში არის ოჯახის ექიმი, მაგრამ როცა გვჭირდება, მას ვერასოდეს ვპოულობთ. მუდმივად იმის შიში გვაქვს, რომ აიშას სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.”

ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი” ახორციელებს. მარნეულის მუნიციპალიტეტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 ბრიგადა ემსახურება, აქედან ორი ქ. მარნეულშია განთავსებული, თითო-თითო კი სოფლებში ქურთლარიი, შაუმიანი და სადახლო. სოფლის ექმის პროგრამის ფარგლებში კი მარნეულის მუნიციპალიტეტის 82 სოფელს 39 ექიმი და 45 ექთანი ემსახურება.

ქურთლარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმი ნამაზ ალასგაროვი.

ქურთლარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმი ნამაზ ალასგაროვი აცხადებს, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში შესული ზარების შესახებ ინფორმაციას მათ ცენტრის ოპერატორი აძლევს: “ოპერატორი გვეუბნება, სად არის ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა და რომელ მისამართზე უნდა გავიდეთ. როცა კრიტიკული მდგომარეობაა, პაციენტი მარნეულის საავადმყოფოში გადაგვყავს, ამას კი დრო სჭირდება. ჩვენ გამოძახებაზე დაგვიანებით არასოდეს გავდივართ. მარნეულისთვის მხოლოდ 5 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და ბრიგადაა გამოყოფილი. რაიონისთვის, სადაც 105 000 ადამიანი ცხოვრობს, ეს ცოტაა. ხშირად გვიმსჯელია ამ პრობლემაზე. კიდევ 2 მანქანა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა.”

ლაჩინ ეფენდიევა, ქურთლარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექთანი.

ლაჩინ ეფენდიევა, ქურთლარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექთანი ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ზოგჯერ დღეში 15  გამოძახებაზეც გადის. “ოპერატორი როგორც კი გვაწვდის ინფორმაციას, გამოძახებაზე გავდივართ. ჩვენი მიზეზით არასოდეს ვაგვიანებთ. რეგიონში ღარიბი ხალხი ცხოვრობს. სამედიცინო დახმარებისთვის ყველა სასწრაფოში რეკავს, რადგან გამოძახება უფასოა. არის შემთხვევები, როცა სერიოზული საფუძვლის გარეშეც გვიძახებენ. როცა ბევრი გამოძახებაა, ცხადია, ყველგან დროულად მისვლა ჭირს.”

ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების რაოდენობა “სრულად უზრუნველყოფს მითითებულ ტერიტორიაზე მოსახლეობისათვის გადაუდებელი დახმარების სერვისის ხარისხიან და ოპერატიულ მიწოდებას.”

ნურანა მამადი

სტატია მომზადებულია “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.