ამბები

სასამართლომ გელაშვილის ცემაზე მერაბიშვილსა და კოდუას განაჩენი გამოუტანა

by | Sep 23, 2016

fotoპარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო. 2-წლიანი განხილვების შემდეგ მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ხუთშაბათს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. მერაბიშვილს 6 წელი და 9 თვე, კოდუას და სირაძეს კი 9 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

მერაბიშვილი 2013 წლის მაისიდან პატიმრობაშია, ე.წ.დასაქმების პროგრამის, კვარიათის აგარაკის უკანონოდ მითვისებისა, 26 მაისი აქციის დარბევისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და მისი მაქსიმუმი სასჯელი 5 წელია. კოდუა და სირაძე კი მიმალვაში იმყოფებიან.

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე განცხადება მთავარმა პროკურატურამ  გაავრცელა, სადაც წერია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა შს ყოფილი მინისტრის, ივანე (ვანო) მერაბიშვილის, ასევე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ი) ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუასა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის, გია სირაძის მიმართ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. აღნიშნულ სტატიაში გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ და ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, სააკაშვილმა გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზედაც ოქრუაშვილისაგან მიიღო უარი. ამის გამო, სააკაშვილმა ეს დავალება შს იმჟამინდელ მინისტრს ვანო მერაბიშვილს დაავალა.

მერაბიშვილის დავალება კი სოდ-ის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით და სოდ-ის სამმართველოს უფროსის, გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა 2005 წლის 15 ივლისს. სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლები და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლები თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გელაშვილის ავტომანქანას თავს დაესხნენ, ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს, იარაღის კონდახებით სასტიკად სცემეს და გაიტაცეს ვალერი გელაშვილის კანონიერ მფლობელობაში არსებული Heckler Koch-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა 10 000 აშშ დოლარი და ბეჭედი, ღირებული 50 000 ლარად.

ცემის შედეგად გელაშვილმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული პირები სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების 333-ე მუხლი სცნო დამნაშავედ.

გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით  სასამართლოში ასევე არსებითად იხილება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების 333-ე მუხლით,  რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 10 წლამდე ვადით.

იმ სკადალურ ინტერვიუს, რომელსაც დეპუტატის ცემა მოჰყვა, ჟურნალისტი რუსა მაჩაიძე DFWatch-თან იხსენებს. ამბობს, რომ გელაშვილთან ეს ინტერვიუ იმ დღეს ჩაწერა, როდესაც „რესპუბლიკელებმა” პარლამენტში უმრავლესობა დატოვეს. ვალერი გელაშვილი კი მაშინ ამ პარტიის წევრი იყო.

„ინტერვიუში გელაშვილი ლაპარაკობს იმაზე, რომ სააკაშვილმა მას სახლი წაართვა და საკმაოდ უცენზურო გამოთქმებს იყენებდა როგორც სააკაშვილის, ასევე მისი მეუღლის და გარემოცვის მიმართ. ეს უცენზურო გამოთქმები შეგნებულად არ მოხვდა გაზეთში, თუმცა ინტერვიუ მაინც სკანდალური იყო იმის გამო, რასაც ის სააკაშვილის ქმედებებზე ლაპარაკობდა. ამან „ნაციონალები” გააღიზიანა. მეორე დღეს გიგა ბოკერიამ სესიაზე ხმამაღლა წაიკითხა ინტერვიუდან ნაწყვეტები და მისი განცხადება საკმაოდ მწვავე იყო, რის გამოც „რესპუბლიკელები“ ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი დავით ბერძენიშვილმა ბოკერიას ზურგიდან დაარტყა, რასაც ხელჩართულ ჩხუბი მოჰყვა. თბილისის პარლამენტში ჟურნალისტების ადგილი სხდომათა დარბაზის თავზე იყო და იქიდან ვუყურებდი ამ ჩხუბს“, – ამბობს მაჩაიძე.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ამ ფაქტს წინასაარჩევნო მანიპულაციად აფასებს და მიუხედავად იმისა, რომ იმედი არ აქვს, განაჩენის გასაჩივრებას მაინც აპირებს. მისის თქმით, ადრე თუ გვიან ხელისუფლება იძულებული იქნება აღიაროს, რომ მერაბიშვილის სახით პოლიტიკური პატიმარი ჰყავს.

ამჟამად „ქართული ოცნების“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი, დეპუტატი ვალერი გელაშვილი მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით კმაყოფილია და ამბობს, რომ დაისაჯნენ ბრძანების გამცემები და შემსრულებლები.

“11 წელიწადი ველოდებოდი დამნაშავეების დასჯას. ფაქტი როცა მოხდა, გამოძიება მაშინ უნდა დაეწყოთ, თუმცა 2005 წელსვე შეჩერდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, 2013 წელს ხელმეორედ დაიწყო გამოძიება. ეს ყველაფერი, ჩემი თემა უკავშირდებოდა რეზიდენციის მშენებლობას. 2003 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, მიხეილ სააკაშვილს მოუნდა ჩემს სახლში გადასახლება და მითხრა მიმეყიდა ჩემი სახლი სახელმწიფოსთვის. მოხდა ჩემთან შეთანხმება და პარალელურად დაევალა ჩემს მიერ დაფუძნებულ კომპანიას რეზიდენციის მშენებლობა. ერთი წლის განმავლობაში ჩემი კომპანია ახორციელებდა სამუშაოებს და როდესაც საქმე თანხის გადახდაზე მივიდა, მათ უარი თქვეს ფულის გადახდაზე, რასაც ჩემგან ადეკვატური რეაგირებები მოჰყვა. როდესაც გიგი უგულავამ დამიბარა და მითხრა, გადმოგვიფორმე რეზიდენცია, თორემ.. თორემ ვკითხე, რა მომივა-მეთქი, ამის მერე დაცხა და იყო ჩემი მხრიდან ადეკვატური რეაქციები, რადგან ფულს არ იხდიდნენ”, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930