ამბები

საპატრიარქო ნატო-ევროკავშირზე: ერთმანეთზე არასწორი წარმოდგენა გვქონია

by | Nov 16, 2016

patriarchateსაქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია, რომელიც ბრიუსელში 7-11 ნოემბერს ნატო-სა და ევროსტრუქტურებს სტუმრობდა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ აღმოჩნდა, ნატო-სა და ევროკავშირის პოლიტიკაზე საპატრიარქოს არასწორი წარმოდგენა ჰქონდა.

„ვიზიტი იყო გაცნობითი ხასიათის და მან მაღალ დონეზე ჩაიარა. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ნატოშიც და ევროსტრუქტურებშიც არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოს ეკლესიის შესახებ და ჩვენც არასწორი წარმოდგენა გვქონდა მათ პოლიტიკასთან მიმართებაში რიგ თემებთან დაკავშირებით,“- აცხადებს საპატრიარქო.

განცხადებაში საპატრიარქოს მხრიდან ევროპულ პოლიტიკაზე „არასწორი წარმოდგენის“ ორი მაგალითია მოყვანილი. ერთი ეხება „სასწავლო დაწესებულებებიდან რელიგიის სწავლების ამოღებას ვითომცდა დასავლური პოლიტიკიდან გამომდინარე“ და მეორე – „საქართველოში გარკვეული ძალები ეწინააღმდეგებიან ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განმსაზღვრელი პუნქტის ჩაწერას კონსტიტუციაში, იმ მოტივით, თითქოს ეს  ევროინტეგრაციის პროცესს შეუშლის ხელს“.

„ეს არის ევროკავშირის სტრუქტურებისთვისაც სრულიად მისაღები მდგომარეობა,“ – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში კი საპატრიარქოს წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია; ეკლესია პატივს სცემს ხალხის არჩევანს და მიიჩნევენ, რომ უმთავრესია:

„ა) საქართველო  იყოს დამოუკიდებელი.
ბ) აღსდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
გ) ქვეყნის განვითარება მოხდეს ტრადიციული ფასეულობებისა და ღირებულებების გათვალისწინებით.

ამასთან, საქართველოს ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფოსთან იყოს ჩამოყალიბებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა,“ – აცხადებს საპატრიარქო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან საპატრიარქოს დელეგაცია ბრიუსელს 7 ნოემბერს ესტუმრა და პირველი „მაღალი რანგის“ შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან ჰქონდათ. საგულისხმოა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნატო-ს  შტაბ-ბინაში სასულიერო პირებმა ოფიციალური შეხვედრა გამართეს და ეს თავად აპატურაიმაც აღნიშნა.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ ეს ვიზიტი იყო უცნაურიც და ორიგინალურიც. ხოლო რადგან ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჩვენი ეკლესია მოიაზრება რუსული რბილი ძალის სავარაუდო მოკავშირედ და თავად ეკლესიის ზოგიერთი მესვეურისგან არის გზავნილები, რომ ევროკავშირი არის გარკვეული საფრთხე ქართული ფასეულობებისა თუ იდენტობისთვის, ეს შეხვედრები იმის ერთგვარი მესიჯი იქნება, რომ ქართული ეკლესია ევროინტეგრაციის მომხრეა.

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031