ამბები

    სამხედრო ბაზასთან უცნაურ ვითარებაში 23 წლის კაცია მოკლული

    by | Oct 25, 2016

    defense_ministryკრწანისის სამხედრო საწვრთნელი ბაზის ტერიტორიაზე  24 ოქტომბერს, გამთენიის 3:30 საათზე უკანონოდ შეჭრის მცდელობის გამო მოკლულია 23 წლის გიგა შენგელია, კიდევ ორ პირს კი ეძებენ. მათი ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გუშაგზე თავდასხმა საშიშ და აგრესიულ ხასიათს იღებდა, რასაც მოჰყვა კანონიერი რეაგირება.

    „გუშაგმა ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ როდესაც უკვე თავდასხმის ფაქტს ჰქონდა ადგილი, ჰაერშიც გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, მაგრამ თავდასხმა კვლავ გრძელდებოდა და იღებდა საშიშ და აგრესიულ ხასიათს, რასაც მან ნორმების სრული დაცვით უპასუხა. გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს იმ ორი თანმხლები პირის დადგენაც. შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 100 მეტრში ნაპოვნი იქნა მობილური ტელეფონი და პისტოლეტი. გამოძიება ამაზე ამომწურავ ინფორმაციას ახლო მომავალში იტყვის,“ – აცხადებს ლევან იზორია.

    გარდაცვლილის ოჯახის წევრებს თავდაცვის სამინისტრო ვერსიის არ სჯერათ. ისინი კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ გიგა შენგელიას იარაღი ჰქონოდა და გუშაგს თავს დასხმოდა. მათი მტკიცებით, ახალგაზრდები ბაზაზე სავარაუდოდ მეგობრის სანახავად იყვნენ მისულები. მათი მთავარი მოთხოვნა ობიექტური გამოძიება და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებაა.

    გარდაცვლილის მამა, რომან შენგელია  ამბობს, რომ მის შვილს იარაღი არასდროს ჰქონია, თანაც მას ტყვია ზურგში აქვს მოხვედრილი და რაც იმას ნიშნავს, რომ თავს  კი არ ესხმოდა გუშაგს, არამედ გარბოდა. ის ბაზის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს იმაში, რომ თუკი უცხო პირები შეიჭრნენ ტერიტორიაზე და წინააღმდეგობა გაწიეს, განგაში რატომ არ გამოცხადდა და მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ რატომ იპოვეს ტერიტორიაზე გარდაცვლილი, რომელიც, მისი ვარაუდით, ერთ საათში სისხლისგან დაიცალა.

    დაუდასტურებელი ინფორმაციით, გაქცეულთა შორისაა მოკლულის ძმა გიორგი შენგელიაც, რომელიც, მეგობრებს თქმით, კრწანისის სასწავლო ცენტრში მსახურობდა, თუმცა ამას გარდაცვილის მამა უარყოფს.

    „იმ ვერსიის, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ დადო, არ გვჯერა. სროლა თუ იყო და კაცი თუ მოკლეს, რატო არ მოძებნეს? განგაში არ ატყდა? რატომ მაშინვე არ მივიდნენ ? სისხლისგან რომ დაიცალა ბიჭი მერე რომ ნახეს, მაინტერესებს სათვათვალო კამერებმა არაფერი გადაიღო? ვითხოვ სათვალთავლო კამერების ჩანაწერსაც, ადვოკატსაც ავიყვან და ვნახოთ, რა იქნება,“ – ამბობს რომან შენგელია.

    შემთხვევა გამთენიისას მოხდა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირები შეჭრას ცდელობდნენ. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, ესროლეს ცეცხლმაქრი, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და მათი მიმართულებით გაისროლა. შედეგად თავდამსხმელებმა მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ. სამხედრო პოლიციის მოსვლის შედეგ კი ტერიტორიაზე ერთი გარდაცვლილი აღმოჩნდა, 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიგა შენგელია. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს.

    ამოღებულია მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული АК-74 მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა და სხვა საგნები.

    საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-წლამდე თავისუფლების შეზღუდვას ან 4-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



    ads
    ads
    ads

    No Comments, Leave a comment

    You must be logged in to post a comment.

    ძიება თარიღის მიხედვით

    December 2016
    M T W T F S S
    « Nov    
     1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031