sturuaსოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას მშობლები ორშაბათს, ახალგაზრდას თვითმკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ, სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში დაკითხეს. გამოძიება გარდაცვლილის მიერ დატოვებული წერილით დაინტერესდა, რომელშიც წერია, რომ თვითმკვლელობა გაუსაძლისმა შანტაჟმა აიძულა.

ოჯახის წევრები იმ პოლიციელების დასჯას ითხოვენ,  რომელსაც შესაძლოა, ბრალი მიუძღვის სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში.

გამოძიება სს 115-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 4 წლამდე პატიმრობით ისჯება. საქმეს დასავლეთ საქართვლოს საოლქო პროკურატურა იძიებს.

უბნის ინსპექტორმა გოდერძი თევზაძემ, რომელიც დემურ სტურუამ წერილში მოიხსენია, პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე უკვე დატოვა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მისი საკითხი გამოძიების დასრულებამდე კადრების განყოფილებაშია გადაცემული.

დემურ სტურუა სოფელ კულაში 13 აგვისტოს დაკრძალეს. დაკრძალვამდე მისი ცხედარი სამტრედიის პოლიციის შენობასთან დაასვენეს, რითაც გარდაცვლილის ახლობლებმა მომხდარი გააპროტესტეს.

22 წლის ახალგაზრდამ თავი 7 აგვისტოს საკუთარ ეზოში, ხეზე ჩამოიხრჩო და  იქვე წერილი დატოვა. როგორც ახალგაზრდა წერს, უბნის ინსპექტორი გოდერძი თევზაძე მას მოკვლით ემუქრებოდა და აიძულებდა ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვის ჰქონდა დათესილი „პლანი“ (მარიხუანა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში. სტურუა წერდა, რომ 7 აგვისტოს პოლიციელმა ის მანქანით სოფელ იანეთში წაიყვანა, სცემა და დაემუქრა, რომ ისეთ დანაშაულს დააბრალებდა, რომელიც მას ჩადენილი არ ჰქონდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, თევზაძის გათავისუფლება საკმარისი არ არის, დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს და მეორეც, უბნის ინსპექტორი, რომელმაც ახალგაზრდა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანა, საბედისწერო ღამეს მარტო არ იმყოფებოდა და გამოძიება მეორე პოლიციელის ვინაობას მალავს.

გარდაცვლილის ძმის თქმით კი 22 წლის დემური სასტიკად იყო ნაცემი და ამის დასადასტურებლად ექსპერტიზის პასუხსაც უახლოეს დღეებში ელოდებიან.

როგორც ადამიანის უფლებათა აქტივისტები ამბობენ, ადამიანებს სამტრედიაში დღესაც აშანტაჟებენ და, შესაძლოა, პოლიციური ძალადობის მსხვერპლი სოფელში მხოლოდ დემურ სტურუა არ იყოს.

„აქ იმაზე მძიმედაა საქმე, ვიდრე ვიფიქრებდით. პოლიციის აბსოლუტური თარეში ხალხზე. მთელი სოფელი შანტაჟში ჰყავთ, ნარკოლოგიურში ისევ ასმევენ შარდმდენებს, ურტყამენ, პოლიციას თითქმის დამუშავებული ჰყავდა ვიღაცეები წერილის გაქრობაზე, მთელი სოფელი პრობაციაზეა. ამ ფონზე დემურ სტურუას თვითმკვლელობა ჟესტია, მან ნიშანი დაგვიტოვა, რომელიც წაკითხვას და მოქმედებას ითხოვს. სოფელი მზადაა ფეხზე დადგეს, დანარჩენი ჩვენზეა!” – დაწერა „ფეისბუკზე” აქტივისტმა, ბექა წიქარიშვილმა.

ადგილობრივების თქმით, დემურ სტურუას მამა გარდაცვილია, ჰყავს ერთი ძმა, ოჯახი გლეხური შრომით და ხელმოკლედ ცხოვრობს.

22 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობის ფაქტს პრემიერ-მინისტრი 13 აგვისტოს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამოძიების მიმდინარეობას პირადად გააკონტროლებს.