ამბები

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში „ოცნება“ პირველ რიგში რას შეცვლის

by | Oct 10, 2016
voting_2016

(DFWatch)

არჩევნებში პირველი ტურიდან მიღებული 67 მანდატის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები უკვე დამეჯითებით აცხადებენ, რომ ისინი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით, 113 დეპუტატით შევლენ და ამის რეალური შანსი პირველმა ტურმა უკვე აჩვენა.

უფრო მეტიც, უკვე გადაწყვეტილია ისიც, 113 ან მეტი ადგილის მოპოვების შემთხვევაში, რა საკონსტიტუციო ცვლილებას განახორციელებენ.

პირველი ესაა, პრეზიდენტის არჩევნების წესის შეცვლა – „ოცნების“ სურვილია საპრეზიდენტო არჩევნები აღარ ჩატარდეს და ის მოქმედმა პარლამენტმა აირჩიოს.

მეორეა პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლა და მისი გადმოტანა ქუთაისიდან თბილისში, რაც დეპუტატების უმრავლესობის აუხდენელი ოცნებაა, თუმცა ამ მოწვევის პარლამენტმა ეს ვერ შეძლო, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ინიციატივას ბლოკავდა.

ცესკოს ბოლო მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 48%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 27%, ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი“ – 5%. ამ შედეგებით 77 პროპორციული მანდატიდან „ოცნება“ მიიღებს 44 ადგილს, „ნაციონალები“ – 27-ს, ირმა ინაშვილის პარტია – 6 ადგილს. ამას ემატება 73 მაჟორიტარული მანდატი, საიდანაც 23 ადგილი აიღო „ოცნებამ“ პირველივე ტურში და ჯამში აქვს 67 მანდატი. სხვა პარტიებმა ვერც ერთი მაჟორიტარი ვერ გაიყვანეს. 50 ოლქში დანიშნულია მეორე ტური, სადაც ყველგან პირველ ადგილზე „ოცნების“ კანდიდატები არიან.

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად მმართველ პარტიას 46 მაჟორიტარული ოლქის მოგება სჭირდება და უკვე არა მარტო „ქართული ოცნება“, არამედ პოლიტოლოგებიც აცხადებენ იმას, რომ მმართველი გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობის, ანუ 113 მანდატის მოპოვება არ გაუჭირდება.

DFWatch-თან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ „ოცნება“ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას და ჩვენი ქვეყნის პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პარტიის ხელშია, ის კონსტიტუციის ისე შეცვლას იწყებს, რომელიც მისი, და არა ქვეყნის, ინტერესებიდან გამოდის, და ეს რეალური საფრთხეა. ძაბირაძე ორ საკონსტიტუციო ცვლილებას აანონსებს.

„როგორც მათივე უფროსების განცხადებებიდან არის ცნობილი და ამის მცდელობებიც იყო, ეს არის პარლამენტის თბილისში გადმოტანა. გარდა ამისა, ივანიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი გზით უნდა მოხდესო და მთელმა უმრავლესობამ მხარი აუბა,“ – ამბობს ძაბირაძე.

მისი თქმით, ასევე დიდი ალბათობაა იმის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ქორწინების დეფინიციაც, როგრც ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რადგან ამაზეც იყო საუბარი და ყველაფერი მოსალოდნელია.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031