ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოზე ახალი კანონი საკონსტიტუციოშივე გასაჩივრდება

by | Jun 6, 2016
constitution

არასამთავრობო სექტორი კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე მის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ისევ კრიტიკის საგანია. ამჯერად 34 არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციის დიდი ნაწილი არა მარტო საპარლამენტო უმრავლესობის მიმართ გამოთქვამ პრეტენზიებს, არამედ პრეზიდენტის მიმართაც.

აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო, რომელსაც მოტივირებული შენიშვნები მოჰყვა, სრულად არ ასახავს იმ პრინციპულ საკითხებს, რაზეც ვენეციის კომისია მიუთითებდა და შესაბამისად, როგორც კი კანონი დამტკიცდება, ისინი მუხლების არაკონსტიტუციურობის გამო სარჩელს ისევ და ისევ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ. საუბარი კი, ჯერჯერობით, 2 მუხლის გაპროტესტებაზეა.

მაგალითად, ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც 27 მაისს გამოიგზავნა, ძირითადი კრიტიკა 3 შეცვლილ ნორმას ეხება.

კომისიას მიაჩნია, რომ: პირველი – უნდა გაუქმდეს ცვლილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე ახალი საქმის განხილვაში მონაწილეობას უკრძალავს.

მეორე – უნდა შემცირდეს გადაწყვეტილების მისაღებად პლენარული სხდომის კვორუმიც, რომელიც, მიღებული პროექტის თანახმად, 9-წევრიანი პლენუმიდან მინიმუმ 6 წევრის თანხმობას გულისხმობს.

მესამე – რეკომენდაციაა შეიცვალოს ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, 4-წევრიანი კოლეგიის თითოეულ მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობის გადაწყვეტილებას, უფლებამოსილება ეძლევა, განხილვის ნებისმიერი ეტაპიდან საქმე პლენუმს გადასცეს.

ცნობისათვის, საკონსტიტუციო სასამართლო სულ 9 მოსამართლისგან შედგება და როდესაც საქმეს 9 მოსამართლე იხილავს, ეს არის პლენუმის ფორმატი. გარდა ამისა არსებობს 2 კოლეგია, რომელიც 4-4 მოსამართლისგან შედგება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არც ერთი კოლეგიის წევრი არ არის.

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება იმაზე, არაკონსტიტუციურია თუ არა ესა თუ ის ნორმა, მანამ ნორმა დროებით ჩერდება. დღეს მოქმედი კანონით, ნორმას აჩერებს კოლეგიაზე დამსწრე მოსამართლეთა უმრავლესობა – მინიმუმ 2 წევრი. ცვლილების მიხედვით კი ნორმის შესაჩერებლად საქმე უნდა გადავიდეს პლენუმზე, სადაც კვორუმის შესაქმნელად საჭიროა მინიმუმ 7 პირის დასწრება და გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 2/3, ანუ 6 ხმა. დღეს მოქმედი კანონით კვორუმი უფრო დაბალია – პლენუმზე კვორუმი დგება 6 წევრის შეკრების დროს და გადაწყვეტილებას სჭირდება 5 ხმა. ამიტომაც კრიტიკაა იმაზე, რომ საქმის პლენუმისადმი გადაცემა, მით უფრო მაღალი კვორუმის პირობებში, გადაწყვეტილების მიღებას ძალიან გააჭიანურებს. უფრო მეტიც, შესაძლოა საქმის ობიექტურად გადაწყვეტა საერთოდ დაბლოკოს.

„ერთობლიობაში ეს ცვლილებები გაართულებს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი ამოცანის განხორციელებას – აღმოაჩინოს და შეცვალოს არაკონსტიტუციური ნორმები კანონებიდან”, – წერია კომისიის დასკვნაში.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტისთვის გადაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნაში სიტყვა-სიტყვით არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ანგარიში. თუმცა ამას არ იზიარებს არასამთავრობო სექტორი.

მათი აზრით, პრეზიდენტმა სრულად გაითვალისწინა ვენეციის კომისიის პირველი შენიშვნა. ამაში ყველა თანხმდება; მეორე შენიშვნა გათვალისწინებულია ნაწილობრივ; მესამეზე კი საერთოდ არაფერია ნათქვამი.

მეორე საკითხზე პრეზიდენტის მიერ მოტივირებულ შენიშვნაში ნათქვამია, რომ პლენუმზე დაწესებული მაღალი კვორუმი შენარჩუნებული უნდა იყოს ორგანული კანონის შემთხვევაში, ასევე პრეზიდენტის ან სხვა თანამდებობის პირის იმპიჩმენტის შემთხვევაში.  ხოლო სხვა კანონთან მიმართებაში, ასევე ნორმის შეჩერების შემთხვევაში პლენუმმა ეს წესი არ უნდა გამოიყენოს.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არც ორგანული კანონის შემთხვევაშია გამართლებული მაღალი კვორუმი და ვენეციის კომისის დასკვნაში არსად წერია, რომ ორგანული კანონი სხვა კანონებიდან გამორჩეული წესით უნდა განიხილონ.

„ორგანული კანონით ძალიან ბევრი საკითხია მოწესრიგებული და შეიძლება უხეშად დაირღვეს ადამიანის უფლებები. ორგანული კანონია საარჩევნო კოდექსი, თვითმმართველობის შესახებ კანონი, ასევე შრომის კოდექსი, თავად საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი. ამ შემთხვევებში პრეზიდენტმა დატოვა პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება და აუცილებლად 7 მოსამართლე უნდა ესწრებოდეს საქმის განხილვას და აუცილებლად მინიმუმ 6-მა მოსამართლემ უნდა დაუჭიროს მხარი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, ეს არის ის პრობლემა რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებას გამოიწვევს,“- აცხადებს DFWatch-თან საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი გიორგი გოცირიძე.

არასამთავრობოთა კრიტიკის საგანია მესამე საკითხის გაუთვალისწინებლობაც.

როგორც გოცირიძე ამბობს, ნორმის შეჩერების დროს 4 მოსამართლისაგან შემდგარი კოლეგიიდან თუნდაც ერთ მოსამართლეს შეუძლია საქმე  9-მოსამართლით შემდგარი პლენუმს გადასცეს, პლენუმზე კი მაღალი კვორუმია დაწესებული, რაც ნორმის შეჩერების ძალიან ართულებს, შესაძლოა საერთოდ ვერც შეჩერდეს და ეს არაკონსტიტუციურია.

„ნორმა ჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაყოვნების გამო შეიძლება ადამიანის უფლებას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს და რასაც შემდგომ საბოლოო გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შეცვლის. ხოლო თუ ეს საქმე კოლეგიიდან პლენუმს გადაეცემა, ამ საკითხის გადაწყვეტილების გაჭიანურება იქნებოდა სახეზე. ამიტომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო ის, რომ არ გამხდარიყო საჭირო ამ საკითხის პლენუმისთვის გადაცემა და თავად კოლეგიას მიეღო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება,“- აღნიშნავს გოცირიძე.

ამ ეტაპზე ამ ორივე ნორმას აკრიტიკებს და როგორც კი კანონი ძალაში შევა, მის გასაჩივრება გეგმავს „კოალიცია დამოუკიდებელ და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც 34 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შედგება და რომლის თავმჯდომარეა საია.

„პრეზიდენტმა ბევრი საკითხი ყურადღების მიღმა დატოვა, რითაც იმედები გაგვიცრუა და რითაც ფაქტობრივად გააფერმკრთალა ის ვეტო, რაც გამოიყენა. როგორც კი კანონის მიღება და გამოქვეყნება მოხდება, ნორმებს მალევე გავასაჩივრებთ. თუმცა კონკრეტულად რას, ეს სრულად საზოგადოებისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდება,“- აცხადებს ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კონსტიტუციურ სამართალში ვახუშტი მენამდე.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031