ამბები

საბურთალოს სასაფლაოზე ექსმინისტრი ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს

by | Feb 26, 2016
alex petriashvili 22

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი მეუღლესთან, ჟურნალისტ ეკა მიშველაძესთან ერთად (ფეიქბუქი).

ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი და „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი თბილისში, საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოზე პარასკევს შუადღეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს.

პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და ოპერაცია უტარდება. ექსმინისტრის მეუღლის, ეკა მიშველაძის განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, პაციენტს მიყენებული აქვს 3 ცეცხლსასროლი ჭრილობა, აქედან ორი ქვემო კიდურებში, ერთი კი წელ-ზურგის არეში. გარდა ამისა, თავის არეში აქვს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული ნაფლეთი ჭრილობა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, საბურთალოზე უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატისა და მენტორის, ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მისი მეგობრები, რომელთა ვინაობა არ ვრცელდება, შსს-ში დაკითხვაზე იმყოფებიან.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, საგარეო საქმეთა ექსმინისტრი მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ, მისი ინფრომაციით, პეტრიაშვილი მიქელაძის საფლავზე მარტო იმყოფებოდა, და რომელ პირებზე საუბრობს შსს, მისთვის უცნობია.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ირიბად მიანიშნებს იმაზე, რომ თავდასხმის მოტივი პირადი ანგარიშსწორებაა, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

„საზოგადოებამ, მგონი, იცის წინა-ისტორიები… ეს არის სუფთა კრიმინალური ფაქტი, რომლის გამოძიებაც უნდა მოხდეს და აუცილებლად დამნაშავეც და შემკვეთიც უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული,“ – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

შსს-ს ცნობით, თავდასხმის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსის მაცხოვრებლისგან შევიდა.

ფაქტზე თბილისის პოლიციამ გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 12 წლამდე პატიმრობით ისჯება.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031