ამბები

სააკაშვილი: ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შევირგეთ ეს გაყალბება

by | Nov 10, 2016

saakashviliექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მხარდამჭერებს მიმართავს, რომ მას არ სულს რაიმე საერთო ჰქონდეს პარტიის ხელმძღვანელობაში მყოფ იმ „ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან“, ვინც არ უსმენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა და შეეგუა არა მარტო წაგებულ არჩევნებს, არამედ ასევე შეგუებულია მომავალ დამარცხებასაც.

„ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობის შიგნით, ხალხმა მინდა იცოდეს, რომ მათთან მე არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს”, – აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა  ბოლო ინტერვიუში, რომელიც ”ფეისბუქის” პირად გვერდზე ოთხშაბათს, 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

ის „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ იმ განცხადებას აკრიტიკებს, სადაც პარტიული აქტივისტების ნაწილი შეთქმულების თეორიების გავრცელებაშია დადანაშაულებული და საუბარია ამ ადამიანების გარიცხვაზეც.

„კატეგორიულად ვგმობთ შეთქმულების თეორიებს ენმ-ის ლიდერებისა და ივანიშვილის გარიგების შესახებ და ვემიჯნებით ყველას, ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით პარტიის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთო. ასეთი ცილისმწამებლური ბრალდებების გამავრცელებლები ვერ იქნებიან ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ნაწილი, ან პარტიასთან რაიმე სახით აფილირებულნი,“- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

სააკაშვილი კი პასუხად ამბობს: „რაღაცეებს აქვეყნებენ, თითქოს ისინი გმობენ და ემიჯნებიან საკუთარ მომხრეებს და აქტივისტებს, ვინც გადაგვაკვდა და გადააკვდა თავს საქართველოს საქმეს. დაიწყეს უაზრო ლაპარაკი – სააკაშვილი კერპი უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს. რა შუაშია სააკაშვილი და რა შუაში ვარ ამ დებატებში მე? აქ საუბარი სხვა რამეზეა. ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შევირგეთ ეს გაყალბება. ვურჩევდი არ წასულიყვნენ მეორე ტურზე, რადგან ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა, მაგრამ ერთ მანდატს მაინც წავგლიჯავთო, თუმცა მოხდა ის, რასაც ვვარაუდობდი – ვერც ერთი მანდატი ვერ აიღეს და ამან გამოიწვია კიდევ უფრო დემორალიზება. ამის შემდეგ კიდევ აგრძელებს უაზრო ლაპარაკს ის ერთი-ორი ტიპაჟი, თითქოს არსებობს რაღაც 8 თუ 10-წლიანი ციკლი და უნდა დაველოდოთ თურმე კიდევ რამდენიმე წელიწადში როგორც გააყალბებს ივანიშვილი არჩევნებს”.

მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ ხალხს ბრძოლისკენ და შეურიგებლობისკენ მოუწოდებდნენ, ხელებს მისკენ იშვერენ, რომ თურმე პრობლემაა სააკაშვილი.

„მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, მათ პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და პირველ რიგში, ჩვენს მრავალრიცხოვან – 600 000 მხარდამჭერთან. იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც, პრაქტიკულად, გამოგვიწერა დამარცხებები არამხოლოდ წარსულში, არამედ მომავალშიც, ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობის შიგნით, ხალხმა მინდა იცოდეს, რომ მე არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს. მე დავეხმარები ჩვენ ხალხს, ჩვენს აქტივისტებს, ვიბრძოლებთ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დიდ საქმეში ვარ აქ, (ოდესაში) მაგრამ ერთი წუთით არ ვწყვეტ ჩემს ქვეყანაზე ფიქრს”, – დასძენს ექსპრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი დაპირისპირება არჩევნების შემდეგ მალევე დაიწყო, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ოდესიდან პარტიის წევრებს მოუწოდა ბოიკოტი გამოეცხადებინათ, არ ეღიარებინათ არჩევნების შედეგები და მეორე ტურებში მონაწილეობა არ მიეღოთ.  თუმცა მაშინ ამ იდეას  გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით პარტიის დიდი ნაწილი, მათ შორის ახალი სახეები, არ დაეთანხმნენ, რასაც პარტიის შიგნით უშუალოდ სააკაშვილის მომხრეების დიდი აღშფოთება და ბრალდებებიც მოჰყვა ბოკერიასა და ბიძინა ივანიშვილის გარიგებაზე.

შემდეგ ორად გაიყო აზრი იმაზეც, ვინ ხედავს პარტიის მომავალს სააკაშვილთან ერთად და ვინ – სააკაშვილის გარეშე. ე.წ. ბოკერიას ფრთა მიიჩნევს, რომ სააკაშვილის აქტიურობის გარეშე არჩევნებში მეტ ხმას მიიღებდნენ. სააკაშვილის უშუალო მომხრეები, რომელიც პარტიაში ცოტაა, თვლის რომ სააკაშვილის გარეშე პარტია 5%-საც ვერ მიიღებდა.

ამ პოლემიკაში ჩაერთო თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავაც, რომელმაც  ციხიდან გამოაგზავნა წერილი, სადაც საუბრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური მმართველობის ციკლი 8-10 წელიწადს, ორ საარჩევნო პერიოდს მოიცავს და „ოცნების“ გამარჯვება ამიტომაც გარდაუვალი აუცილებლობა იყო.  მან ამავე წერილში პარტიას ღიად მოუწოდა, რომ თავმჯდომარის პოსტზე  არ უნდა იყოს სააკაშვილი და ის ახალი სახით უნდა ჩანაცვლდეს.

სააკაშვილი თავის ბოლო განცხადებაში მართალია „ახირებული ერთი-ორი პერსონაჟის“ გვარებს არ ასახელებს, რომლებთანაც მას ურთიერთობა არ სურს, თუმცა მინიშნებებს სწორედ  გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავაზე აკეთებს.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031