ამბები

სააკაშვილისდროინდელ განათლების მინისტრს საქართველოს მოქალაქეობას ართმევენ

by | Jul 25, 2016
dekanoidze

24tv.ua

უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელი  ხატია დეკანოიძე, რომელიც 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველოში განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა, უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას საქართველოს მოქალაქეობას ართმევენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის 21-ე მუხლით, მოქალაქეობას კარგავს პირი, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს ან თუ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო ან პოლიციურ სამსახურში.

დეკანოიძე უკვე ერთი წელია უკრაინის მოქალაქეა. თანაც, ის უკრაინის პოლიციის უფროსად დაინიშნა 2015 წლის 4 ნოემბერს. ქართული კანონმდებლობით კი მის მიმართ მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესი 9 თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაშინ როდესაც პოლიციის შეფად დაინიშნა.

თუმცა განათლების ექსმინისტრის განცხადებით, მას საქართველოდან მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დოკუმენტაცია რამდენიმე დღის წინ მიუვიდა.

საგულისხმოა, რომ უკრაინულ მედიაში 2 კვირის წინ გაჩნდა ინფორმაცია იმაზე, რომ დეკანოიძე საქართველოში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აპირებდა კენჭისყრას „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, რის გამოც მას უკრაინაში თანამდებობიდან გადადგომაზე განცხადებაც უკვე დაწერილი ჰქონდა. მაშინ ეს ინფორმაცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ არც უარყვეს და არც დაადასტურეს.

დეკანოიძემ რამდენიმე დღის წინ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში თქვა, რომ  ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და ასევე უარყო თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც.

„რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საქართველოში მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ჩემს წინააღმდეგ პროცესი დაიწყო – უკვე მოვიდა შესაბამისი შეტყობინება. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირი, რომელიც მუშაობს უცხო ქვეყნის პოლიციაში, არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ვნახოთ, ამ შემთხვევაში რა არგუმენტაცია იქნება. გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს,“ – განაცხადა ინტერვიუში დეკანოიძემ.

მან ასევე თქვა, რომ აქვს უკრაინის მოქალაქეობა, საქართველოშიც ჩამოდის, ბოლოს თბილისში რამდენიმე კვირის წინ იყო და საქართველოში არც ერთ სს საქმეში ფიგურანტი არ არის. უკრაინის კანონმდებლობით კი, უცხოელებს სახელმწიფო სამსახურში 2 წლის განმავლობაში შეუძლიათ მუშაობა ისე, რომ ორი პასპორტი ჰქონდეთ.

რატომ დაიწყო დეკანოიძის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევაზე პროცედურები ახლა, მისი პოლიციის შეფად დანიშვნიდან 9 თვის შემდეგ და უკავშირდებოდა თუ არა ეს საპარლამენტო არჩევნებში მის შესაძლო მონაწილეობას, ამაზე იუსტიციის სამინისტროში არაფერს ამბობენ.

„დეკანოიძის პირად ინფორმაციაზე საჯაროდ საუბრის უფლება უწყებას არ აქვს,“ – იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს DFWtch-ს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930