ჯორჯ ჰიუიტი. (abkhazworld.com)

ოკუპირებულ სოხუმში აღშფოთებას არ მალავენ რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში აგორებული სკანდალის გამო, სადაც საუბარია, თითქოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ.   

„ბრიტანულ ჯაშუშურ ქსელთან“ კავშირში ეჭვმიტანილთა შორისაა სოხუმის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესლან ცვიჟბა, ასევე რუსული დრამატული თეატრის დირექტორი ირაკლი ხინთბა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ქალები პოლიტიკაში“ თავმჯდომარე ირინა აგრბა, ტელეჟურნალისტი ანა გუნია და აფხაზური საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

გენერალ-ლეიტენანტ ბესლან ცვიჟბას აგენტად მონათვლის ბრალდებას აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადებითაც კი უპასუხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელში საეჭვო წყაროებიდან გავრცელდა აბსურდული ინფორმაცია და გენერალ-ლეიტენანტი არის პატრიოტი და მას არაერთხელ დაუმტკიცებია აფხაზეთისადმი სიყვარული.

აფხაზეთში არსებულ განწყობაზე წერს „ეხოკავკაზას“ მიმომხილველი ვიტალი შარია. მისი თქმით, „საინტერესოა, რატომ აიტაცა ლამის მთელმა რუსულმა მედიამ ეს „სიახლე“, რომელიც თავად აფხაზეთში ყველამ სრულ ბოდვად აღიქვა“ და რომ ნებისმიერი აფხაზისთვის  რუსეთი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია.

ბრიტანულ ჯაშუშობაზე ბრალდება ეფუძნება იმას, თითქოს ე.წ. ბრიტანეთის აფხაზი აგნეტების სიის ფიგურანტების ნაწილი დაკავშირებულია ლონდონელ მეცნიერ ჯორჯ ჰიუიტთან. ასევე რიგი აფხაზური საზოგადო ორგანიზაციები 1990-იანი წლების შუა პერიოდში შექმნილია იმ არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, რომელთა შტაბ–ბინები ლონდონში მდებარეობს.

წყაროს მტკიცებით, ადამიანები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში თანამდებობებზე ბრიტანეთში „აფხაზეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულ” ჯორჯ ჰიუიტის პროტექციით აჰყავდათ. სწორედ ამ კონტექსტში არიან მოხსენიებულები დაურ კოვე, მანამდე კი სოკრატ ჯინჯოლია.

ჯორჯ ჰიუიტი ცოლად აფხაზი ჰყავს და სწორედ ამის შემდეგ იქცა დასავლეთში აფხაზური სეპარატიზმის ყველაზე თავგამოდებულ ლობისტად და მას აფხაზეთში ათეული წლებია დიდი მეგობრად თვლიან.

პოლიტოლოგი ლეილა ტანია თვლის, რომ რადგანაც ეს  ბრიტანეთის „აფხაზი აგენტები“ ჰიუიტს დაუკავშირდა, ამ დეზინფორმაციული პროპაგანდის უკან სწორედ ქართული სპეცსამსახურები დგანან.

„ქართული კვალი თვალნათელია. სურთ, ჩვენი საზოგადოება ავტორიტეტების გარეშე დატოვონ, ყველა და ყველაფერი ამოსვარონ, რათა ჩვენ არა რეალური დისკუსიებითა და მართლაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეებით დავკავდეთ, არამედ ერთმანეთი დავჭამოთ თვითგანადგურებამდე“, – ამბობს „ეხო კავკაზასთან“ ტანია.